Site icon Civil.ge

საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების პრიორიტეტულობას ადასტურებს

გიორგი მარგველაშვილი თბილისში ნატო-საქართველოს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, 30 აპრილი, 2018, წყარო: president.gov.ge

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 აპრილს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.

ოთხივე მათგანი თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმზე მათ ალიანსთან საერთო ღირებულებებზე ისაუბრეს და ყურადღება მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე გაამახვილეს.

ქვემოთ მოცემულია ამონარიდები საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებიდან:

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ისეთი ღირებულებები აერთიანებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ღია საზოგადოება. მან ეს რუსეთის პოლიტიკას დაუპირისპირა, რომელიც მიზნად „ცივი ომის ახალი ფაზის“ დაწყებას ისახავს.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი, თავდადება და ის მტკიცე არჩევანი შესაბამად და ადეკვატურად აისახება [ნატოს] მომავალ სამიტზე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და ფორუმს ნატო-სა და ქართული დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ „პროპაგანდისტული დაპირისპირების ღირსეული და ძლიერი“ პასუხი უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასე „დინამიური“, როგორც წინა წელს და რომ საქართველომ დაადასტურა, რომ ის ალიანსის „ღირებული და სანდო პარტნიორია“.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო რაც უფრო უახლოვდება ნატოს, ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა მით უფრო იზრდება. „ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასევე გაუსვა ხაზი იმ პროგრესს, რომელსაც, ბოლო წლებში, საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მიაღწია და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის „გაცნობიერებული არჩევანია“, რომელიც კონსტიტუციაშიც აისახა.

„საქართველო, მცირე მასშტაბის მიუხედავად, ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში პასიურ როლს არ თამაშობს. უკვე მრავალი წელია, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს, ევროკავშირისა თუ სხვა საერთაშორისო ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობენ და ამით უნიკალურ სამხედრო გამოცდილებას იძენენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ამ წვლილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საკანონმდებლო ცვლილებებით მხარს აქტიურად უჭერს. მათ შორის, საგარეო პოლიტიკის შესახებ 2016 წელს მიღებული რეზოლუციის გზით, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს მკაფიოდ ასახავს.

კობახიძემ განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის თავზე, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ქვეყანა „უფრო დაცული, მომზადებული და ნაკლებად მოწყვლადია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ნატოს წევრობის გზაზე წარმოქმნილმა ნებისმიერმა შეფერხებამ, შესაძლოა, „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ზიანი მიაყენოს“, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მომავალი სამიტი ბრიუსელში „მკაფიო მხარდამჭერ პოლიტიკურ გზავნილებს“ გააჟღერებს, რაც სამიტის დეკლარაციაშიც აისახება.

„ნატოს უნდა ჰქონდეს პროაქტიული ქმედებებით გამყარებული სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით. ამისთვის კი იმის გააზრებაა აუცილებელი, რომ ცივი ომის შემდგომ, ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს მნიშვნელობა არის განსაკუთრებული“, – განაცხადა კობახიძემ თავის გამოსვლაში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომელიც ნატოს დღეების ფარგლებში, თბილისში იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)