ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 21 წევრიდან 15-მდე შემცირდა. ახალ საბჭოს 11 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევენ.
პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ყრილობის შემდეგ, პარტიას უხელმძღვანელებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს რიგებში იქნებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ასევე, დეპუტატები: გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი. მთავრობიდან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
გადაწყვეტილება მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
პოლიტსაბჭოს წევრები აღარ იქნებიან დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, სოფო კილაძე, ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, რომან კაკულია და თემურ ჭკუასელი. ასევე, ნოდარ ხადური, დავით კოღუაშვილი, ზვიად გონაძე და თედო ჯაფარიძე.
პოლიტიკური საბჭოს განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებას მოჰყვა, რის შემდეგაც, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)