პირველ მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელი ცხინვალის რეგიონის სოფელ ოძისს ესტუმრა. საოკუპაციო ხაზთან მან მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ათი წლის წინ აქ ომი იყო. დღეს აქ იმიტომ ვდგავარ, რომ რუსეთის მთავრობას შევახსენო – მსოფლიოს ეს მოვლენები არ დავიწყებია“, – განაცხადა მიტჩელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ ამ სასაზღვრო ზოლს, საერთაშორისო საზღვრად არ აღიარებს. მიტჩელის თქმით, აშშ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხით „ძალიან შეშფოთებულია“.
„აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების, წამებისა და მკვლელობის გამო, რაც ამ ბოლო დროს მოხდა და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს“, – განაცხადა ვეს მიტჩელმა.
მან ასევე მოუწოდა რუსეთის მთავრობას „პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებას, შეწყვიტოს ამ ერთეულების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ასევე, რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეშვება უზრუნველყოს“.
მიტჩელმა დაადასტურა, რომ აშშ-ს საქართველოს, როგორც პარტნიორის უსაფრთხოების ერთგული დამცველია. იგი მიესალმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ხალხის ძალისხმევას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს „კავკასიაში წარმატებული დემოკრატიის“ მაგალითი უწოდა და თავისი მთავრობის სახელით მიესალმა საქართველოს ლიდერობას ამ საქმეში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც მიტჩელს ოძისში ახლდა, აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალ რანგში ეს მიტჩელის საქართველოში პირველი სტუმრობაა, რომელსაც ის ევროპაში მოგზაურობის ფარგლებში მართავს. 30 აპრილს, იგი თბილსში გამართულ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვითაც გამოვიდა.
მიტჩელი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. შეხვედრებზე მათ საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)