Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების გამოსვლებს უსმენს, 2 მაისი, 2018, ფოტო: president.gov.ge

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დღევანდელი პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მას დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მიეცა.

პრეზიდენტმა, რომელიც დეპუტატების გამოსვლებს თითქმის საათნახევარი ესწრებოდა, მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ითხოვა. „მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით მე გარკვეულ შეხედულებებს ვისმენ და დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა არ მაქვს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა დეპუტატებს მიმართა და მათგან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ითხოვა. მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის თხოვნა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ეს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებლობისა და პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, რეგლამენტი პოლიტიკური დებატებისთვის საჭირო პროცედურებს ნათლად განსაზღვრავს. „ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი“, – დასძინა კობახიძემ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა, რომ რეგლამენტი, დებატის დროს, პასუხის უფლების დაუშვებლობის შესახებ რაიმე ჩანაწერს არ შეიცავს.

კობახიძის შეფასებები ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმაც გაიზიარეს. მათგან განსხვავებით, სამივე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტისთვის კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა უნდა მიეცათ.

მოგვიანებით, კობახიძემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის მოთხოვნა 28 ხმით 50-ის წინააღმდეგ ჩააგდო. ამის შემდეგ, სხდომათა დარბაზი ევროპული საქართველოს დეპუტატებმაც დატოვეს.

პარლამენტის შენობის დატოვებამდე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დეპუტატების ეს გადაწყვეტილება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ის „ყურადღებით დააკვირდება“ დეპუტატების გამოსვლებს და მათ კითხვებს ალტერნატიული გზით უპასუხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)