აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა საქართველოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვეს მიტჩელის ვიზიტი შეაჯამა.
სამ მაისს გამართულ ბრიფინგზე, ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ მიტჩელი საქართველოს ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა და „მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები“ განიხილა.
„მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატოს წევრი გახდება“, – განაცხადა ნაუერტმა.
მანვე აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, ვეს მიტჩელი „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრა“, რომელიც ნაუერტის თქმით, „2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული“.
ახალ რანგში, ევროპის მასშტაბით დიპლომატიური მოგზაურობის ფარგლებში, ეს საქართველოში ვეს მიტჩელის პირველი ვიზიტი იყო. 30 აპრილს ის თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ვიზიტის დროს, ვეს მიტჩელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრებზე მათ საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)