აშშ-ის კონგრესის ხუთწევრიანი დელეგაცია 5 მაისს საქართველოს ესტუმრა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრებზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილა.
კონგრესის დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი ბობ გუდლატი ხელმძღვანელობდა და მის შემადგენლობაში რესპუბლიკელი კონგრესმენები: ქენი მერჩანტი, მაიქ ბიშოპი და ჯონ კურტისი შედიოდნენ. დელეგაციაში დემოკრატი კონგრესმენი ჰენრი კუელარიც იყო.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონგრესმენებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა და მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის მდივანმა საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა საქართველოს მხარდაჭერის აქტის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივაც განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს 2018 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტით საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა განიხილეს.
ამერიკელი კონგრესმენები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდნენ. პარლამწენტის პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრაზე კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში დემოკრატიით გამორჩეული ქვეყნის სტატუსი აქვს და აქ მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)