Site icon Civil.ge

ევროპარლამენტარები თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპარლამენტის წევრების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, 8 მაისი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

8-10 მაისს, თბილისს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) ოთხწევრიანი დელეგაცია ესტუმრა და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირთან  ურთიერთობები და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება განიხილა.

ევროპარლამენტის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრები არიან: ანა ფოტიგა (ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი, პოლონეთი), კლერ მუდი (სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსი, გაერთიანებული სამეფო), მიშელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია) და იოზო რადოში (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი, ხორვატია). მიშელ გალერის თქმით, ვიზიტი იმის მაჩვენებელია, რომ ევროპარლამენტარებს „აქვთ ინფორმაცია მიმდინარე აგრესიის და კონფლიქტის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია“.

ევროპარლამენტარები 9 მაისს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.პრეზიდენტი მათ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა იმ შესაძლო მექანიზმებზეც ისაუბრეს, რომელიც „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს“. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად,ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შექმნილ ვაკუუმსა და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას“, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება ასოცირების შეთანხმების „წარმატებულ იმპლემენტაციაზე“ გაამახვილა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, საინფორმაციო კამპანია და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა უვიზო რეჟიმის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტარები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილსაც შეხვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)