Site icon Civil.ge

შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

პოლიცია პარლამენტის ძველი შენობის წინ, 14 მაისი, 2018, წყარო: კადრი TV პირველის ვიდეოდან

საპროტესტო აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ, რომელიც ძველი პარლამენტის შენობის წინ, პოლიციის მიერ თბილისის კლუბების დარბევას აპროტესტებდა, რუსთაველის ტერიტორია დატოვა.

აქცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, დღის სამი საათისთვის შეიკრიბა, თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მახლობლად კონტრდემონსტრაციის მონაწილეები მივიდნენ.

ულტრანაციონალისტური და კონსერვატიული ჯგუფები, რომელთა მხრიდანაც ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა, პოლიციამ პარლამენტის შენობის ადგილიდან სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში შეაჩერა. ადგილზე დამატებითი ძალების, მათ შორის სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზება გახდა საჭირო.

სიტუაცია თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში დაძაბული რჩებოდა, რა დროსაც კონტრდემონსტრაციის მონაწილეები წარუმატებლად ცდილობდნენ, რომ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და პარლამენტის შენობასთან მისულიყვნენ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება გვიან ღამით, მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთად გამოიძიებდნენ 12 მაისის სპეცოპერაციას და ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობას განაახლებდნენ.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეები შეთავაზებულ პირობებზე არ თანხმდებოდნენ, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გახარიამ აქციის მონაწილეებს პირადად მიმართა და პოლიციის მიერ ოპერაციის იმ ფორმით ჩატარების გამო ბოდიში მოიხადა, დემონსტრანტები მინისტრის მიერ შეთავაზებულ პირობები მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის მონაწილეებს „სამუშაო რეჟიმში“ გადასვლა და მათ წარმომადგენლებთან მომდევნო დღეს შეხვედრა შესთავაზა, სადაც „დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს“.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ ისინი აქციას წყვეტენ და 19 მაისამდე ტაიმ-აუტს იღებენ, იმისათვის, რომ „სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ როგორ წავა“.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები პოლიციელებმა ადგილიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით გაიყვანეს.

კონტრაქციის მონაწილეები ტერიტორიაზე მანამდე რჩებოდნენ, სანამ მათმა ოპონენტებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია დატოვეს და პარლამენტის შენობასთან გადანაცვლება მათ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეძლეს.

მათმა ზოგიერთმა  ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორშაბათს დილით ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მათივე თქმით, აქციები 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)