შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ორდღანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში 12-13 მაისს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტმა ხაზი გასუვა, რომ „ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური” და „ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით”.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ „ამ, დღეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება”, რომელიც სპეცოპერაციით დაიწყო და შემდეგაც გაგრძელდა.
მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება „მოვახერხოთ” და რამდენიმე საათში „სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე” მივიდეთ. მას განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომელსაც „ძალიან პირდაპირი პასუხები სჭირდება”.
პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ „ერთდროულად შევინარჩუნოთ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება” და ამავე დროს, წესრიგის დაცვაც მოვახერხოთ.
გიორგი მარგველაშვილმა ხელოვნების, კლუბური და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც თანამედროვე ენაზე ლაპარაკობენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვლმა.
პრეზიდენტმა სამართალდამცველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადა. „მადლობა მინდა ვუთხრა, პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ, რომ ორ აქციას შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)