ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესი ბრიუსელის სამიტზე „შესაბამისად“ უნდა იყოს აღიარებული, ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 14 მაისს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
სხდომის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო ნატოსთან მიმართებით, რეალურად მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესი შესაბამის ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს, რომელიც ჩვენ წევრობამდე მიგვიყვანს“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის „შესაბამისი აღიარება ყველას ინტერესია“. „კონკრეტულად, საუბარი იყო, როგორ, რა ფორმით უნდა აღინიშნოს ეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოოს ნატოს წევრობასთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესაუბრა. ის იმედოვნებს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი „შესაბამისად იქნება დაფიქსირებული“. „ჩვენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, ვიყენებთ ეფექტიანად და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს სამიტის გადაწყვეტილებებზე აისახება“, – განაცხადა ჯანელიძემ.
სხდომის მონაწილეებმა შეხედულებები თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც გაცვალესს. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაც მიმოიხილეს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)