შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გახმოვანებულ ძალადობრივ მოწოდებებზე გამოძიება დაიწყო.
სამინისტრომ გამოძიების დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ჭელიძე, 13 მაისის კონტრაქციაზე, იმ ჯგუფის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა, რომელიც პოლიციის მიერ თბილისის ღამის კლუბების დარბევას აპროტესტებდა.
სამხედრო ფორმის მსგავს შავ უნიფორმაში ჩაცმული ჭელიძე, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის სამკლავურით იმ აქციას უძღვებოდა, რომელიც, მისი შეფასებით, „ნარკოტიკების მოხმარების“ და „გეი პროპაგანდის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
დემონსტრაციას მისი რამდენიმე ათეული მხარდამჭერი შეუერთდა, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ნაცისტური მისალმებით გამოირჩეოდნენ და „დიდება ერს, სიკვდილი მტერს“ სკანდირებდნენ.
აქციაზე გამოსვლისას, ჭელიძემ „სამოქალაქო დაპირისპირების“ გამომწვევი მოწოდებების გამო, ოპონენტები გააკრიტიკა. მას, სავარაუდოდ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციაზე გაჟღერებული გზავნილები ჰქონდა მხედველობაში, რომელთა თანახმადაც, ხელისუფლებამ ღამის კლუბებს ომი გამოუცხადა.
„სამოქალაქო ომით და დაპირისპირებით ნურავის ნუ დაემუქრებით. ერთი პატარა გადაცდომა თქვენგან და პასუხი იქნება უმკაცრესი, ყველაზე ბრუტალური მეთოდებით“, – განაცხადა ჭელიძემ.
მოგვიანებით, მან იგივე გზავნილები კიდევ ერთხელ გაიმეორა და ოპონენტები გააფრთხილა: „რაც უფრო იქნება ჩვენი გამოწვევა, რაც უფრო იქნება ჩვენზე ზემოქმედება, ჩვენი დაშინება, რომ თითქოს მათი დღის წესრიგი უნდა განხორციელდეს, ეს აქ არ გამოვა“.
მან თანამოაზრეებს სამოქალაქო გვარდიის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა, რომელიც ძალადობრივ დაჯგუფებებს სათანადო პასუხს გასცემს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ის საზოგადოების უსფრთხოების კუთხით რაიმე საფრთხეს დაინახავს, არც ჩარევას გამორიცხავს.
„ქართული მარშისა და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების“ მხრიდან გაჟღერებულ ძალადობრივ გზავნილებს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 15 მაისს გამოეხმაურა და სამართალდამცველ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს და ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამოსასწორებელი სამუშაოს შესრულებით, შინაპატიმრობით, ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)