Site icon Civil.ge

ლგბტ აქტივისტები თბილისში აქციას აღარ მართავენ

წყარო: თანასწორობის მოძრაობა

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში აღარ აღინიშნება. თანასწორობის მოძრაობამ ამის შესახებ გუშინ საღამოს, ლგბტ აქტივისტებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან, რამდენიმე საათიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

გადაწყვეტილებას წინ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ რამდენიმე პარალელული აქციის, ასევე ნეო-ნაცისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ და ულტრანაციონალისტური მოძრაობის „ქართული მარშის“ მიერ რუსთაველზე დემონსტრაციების დაანონსება უძღვოდა.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს, ეს ძალები ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ, მათი დაგეგმილი აქტივობები ჩვენი აქციისთვის არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად ჩვენს აქციას დაამთხვიეს“, – ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

„ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და საქართველოს კანცელარიასთან 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია გავაუქმოთ, რათა დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში ხელი არ შევუწყოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ლგბტ აქტივისტი და მათი მხარდამჭერი ლგბტ თემის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დაგეგმილ ადგილას მისვლას მაინც აპირებს.

მიუხედავად მათი ლიდერების გადაწყვეტილებისა, რომ პარლამენტის წინ აქცია აღარ გამართონ, ინდივიდუალურ შეკრებას მაინც გეგმავენ „ქართული მარშის“ აქტივისტები. მანამდე, ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუკი მისი ოპონენტები აქციის ჩატარებაზე უარს იტყოდნენ, შეკრებას თავადაც გააუქმებდნენ. ინდივიდუალურ შეკრებას გეგმავენ „ქართული იდეის” წარმომადგენლებიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)