ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კანცელარიის წინ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციით აღნიშნეს. უსაფრთხოების მიზნით, ისინი ადგილზე შსს-ის წარმომადგენლებმა ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.
დემონსტრანტებმა კანცელარიის შენობის წინ შეკრება, საღამოს შვიდი საათიდან დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, კონტრაქციის მხრიდან შესაძლო აგრესიის გამოვლენის მიზეზით გადადეს, აქტივისტებმა დათქმულ ადგილზე ინდივიდუალური შეკრების გადაწყვეტილება მიიღეს.
აქციის მონაწილეების უსაფრთოხებას დიდი რაოდენობით პოლიცია იცავდა. მათ გარშემო პერიმეტრზე ჯებირები აღმართეს და რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე კონტრაქციის წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება 4 საათიდან დაიწყეს და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათი მხრიდან, ოპონენტების მისამართით, ძალადობრივი გზავნილები ისმოდა. პოლიციამ მათი რამდენიმე ლიდერი დააკავა და ადგილს გაარიდა.
მთავრობის კანცელარიის წინ აქცია მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა, დემონსტრაციის მიწურულს მომხდარი ერთი ინციდენტის გარდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა. პოლიციამ ის მალევე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დაზარალებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ, რომელიც დემონსტრაციის ადგილზე იმყოფებოდა, ჟურნლიასტებს ერთი დღით ადრე განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილე ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავდა.
აქციაზე, ლგბტ აქტივისტებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ლგბტ ადამიანების პრობლემებზე ისაუბრეს. შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი თაბაგარმაც მიმართა და ყურადღება აქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს მისთვის, როგორც იმ ჯგუფის წარმომადგენლისთვის, „ვისაც ქუჩაში დგომა აუკრძალეს, ვისაც რაღაც შეზღუდვებით“, „დამამცირებელ პირობებში“ ან „მუდმივი საფრთხის ქვეშ ამყოფებენ“, არის „ძალიან დიდი მხარდაჭერა“.
„დღეს აქ უნდა გამართულიყო სხვა აქცია, უნდა ჩატარებულიყო 17 მაისის დღე, როგორც ჰომობოფიასთან და ტრანსფობისთან ბრძოლის დღე, რომელიც თემს კიდევ ერთხელ წაართვეს. ეს წაართვეს სხვადასხვა ჯგუფებმა. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო, წაართვა საპატრიარქომ, წაართვა ძალოვანმა უწყებებმა…თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ვართ და ვიცავთ იმ უფლებას, ის ადამიანები, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
აქცია დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, აქციის მონაწილეები პოლიციამ ადგილიდან კვლავ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა.
კანცელარიასთან მისვლამდე, ლგბტ აქტივისტებმა მშვიდობიანი შეკრებები რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც გამართეს. მათი ნაწილი განათლების, იუსტიციის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ნაწილი კი 112-ის შენობის წინ და ვაკის პარკთან შეიკრიბა და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშიროსი დღე მშვიდობიანი პროტესტით აღნიშნა.
ლგბტ აქტივისტები რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადადგომასაც ითხოვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)