Site icon Civil.ge

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში, 18 მაისი, 2018, ფოტო: parliament.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 18 მაისს პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა და დეპუტატებს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის, დაგეგმილი რეფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

გიორგი გახარია პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობის თხოვნით, დღის სამი საათისთვის მივიდა და თავის 40 წუთიან გამოსვლაში ყველაზე დიდი დრო 12 მაისის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე საუბარს დაუთმო.

მინისტრმა განმარტა, რომ „კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი“ არავინ არის, თუმცა „სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ“ და „ვერავინ, ვერასდროს, ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას, სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ“, – განაცხადა მან.

მისი განმარტებით, სპეცოპერაციას წინ „დაახლოებით 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღოდა“. პარალელურად განხორციელდა „არაერთი საკონტროლო შესყიდვაც“, რომლის შედეგადაც დადასტურდა, რომ „ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით“. „ერთ-ერთ კლუბში, [ნარკოტიკის] გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი“.

„აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს. თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ, გავცეთ კონკრეტული პასუხები“, – განაცხადა მინისტრმა. მან იქვე განმარტა: „არცერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვა კლუბის შიგნით, ღონისძიება არ განგვიხორციელებია“. „მოვიქეცით ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით“, – დასძინა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს განჩინება კლუბების და არა კლუბში მყოფი ადამინების ჩხრეკაზე ჰქონდათ, სპეცოპერაციის მთავარი მიზანი, ნარკორეალიზატორების სწორედ კლუბის გარეთ დაკავება იყო.

მისივე განმარტებით, არსებობს „დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ“. მისივე თქმით, „კლუბური ინფრასტრუქტურა“ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების საშუალებად არის გამოყენებული და კლუბებში შესვლის აუცილებლობაც ამით იყო განპირობებლი.

„ვერ მანახებთ ვერცერთი დაზარალებულს და იმ ადამიანს ვისაც კლუბის შიგნით თმის ღერი ჩამოუვარდა ან მიმართა საავადმყოფოს დაზიანების გამო“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე განმარტებით, „შედეგი იყო მარტივი, სტუმრების გარკვეულმა ნაწილმა ნივთებისგან [ნარკოტიკული საშუალებებისგან] თავი გაითავისუფლა და ეს არის ის 34 ლოკაცია, რომელზეც ახლა ექსპრეტიზა მიმდინარეობს“.

მინისტრმა, „70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს“, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა და სპეცოპერაციით დისკომფორტი შეუქმნა, ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ „ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, არის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი“.

გახარიამ კლუბებში შესვლის დროის მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა. „არჩევანი იყო ძალიან მარტივი, ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი-ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას, 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი“.

მინისტრის თქმით, პირველ შემთხვევაში, პრობლემები იქნებოდა ღონისძიების შემდეგ, „რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა“. მეორე შემთხვევაში კი, ღონისძიების მსვლელობის დროს. „ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული“, – დასძინა გახარიამ.

გახარიამ სპეცოპერაციის შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „როგორც შედეგი, გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს. დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება“. მისივე განმარტებით, უკვე იკვეთება „ქსელური ხასიათი“, რასაც უახლოეს პერიოდში “კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები” მოჰყვება.

გიორგი გახარიამ 12 მაისის სპეცოპერაციაზე საუბარი, პოლიციელებისთვის მადლობის გადახდით დაასრულა. „მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ მოქალაქეებზე ზრუნვა და რადიკალილზაციის დონის შემცირება და არა გაზრდა“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, „არცერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების არ წარმოდგენილა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – დასძინა გახარიამ.

მინისტრმა მოხსენებაში სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ კუთხით, სტრუქტრული და შინაარსობრივი, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე მიმდინარებს მუშაობა. გახარიას განმარტებით, ხდება კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება და მათი ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ასევე, თბილისში, ტურისტულ ადგილებში, 21 მაისიდან პატრულირებას დაიწყებს ქვეითი პატრულის 20 ეკიპაჟი. სამ თვეში კი, მათი რაოდენობა 60-მდე გაიზრდება.

მოხსენების დასრულების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კითხვებზე პასუხისას, მინისტრმა განმარტა, რომ ფაშისტურ ჯგუფებთან მიმართებით, „კანონმდებლობა არც თუ ისე ეფექტურია“, თუმცა, კონკრეტულ ინციდენტებზე, „აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარებს გამოძიება“. მისივე თქმით, ამ ადამიანების მოწოდებები „ფიზიკურ ქმედებებში“ არ გადასულა. „როგორც კი გადავა, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც რეაქციას მისცემს“, – დასძინა გახარიამ.

მინისტრმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა კანონმდებლების პრეროგატივა“, შსს-ის ფუნქცია კი, მისი აღსრულებაა. მან ამ კუთხით უწყების პოზიციაც გაახმოვანა და თქვა, რომ „გასაღების კომპონენტში, ისევე, როგორც დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვაზე, კანონმდებლობა გასამკაცრებელია“. რაც შეეხება მოხმარების კომპონენტს, გახარიას განმარტებით, სისტემა მზად არის განიხილოს „ის ჰუმანური მიდგომა, რომლისთვისაც ეს ქვეყანა და მისი ეკონომიკა არის მზად“.

გიორგი გახარია 17 მაისის თემასაც შეეხო. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ აქციის ორგანიზატორებმა პირობა არაერთხელ დაარღვიეს და აქცია სპონტანურად, კანცელარიის გარდა, რამდენიმე სხავდასხვა ადგილას გამართეს, რაც მისი შეფასებით, იყო „გამოწვევა“ და „პროვოკაცია“, ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ღირსეულად ჩაატარა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)