რუსეთმა 18 მაისს შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოსა და შვეიცარიულ კომპანია SGS-თან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო-ადმინისტრირებისა და ტვირთის გადაადგილებაზე მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 19 მაისის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, რუსეთის მხრიდან ორივე დოკუმენტს ხელი საბაჟო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ბულავინმა მოაწერა.
შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსთან ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელსაც ადმინისტრირებას შვეიცარია გაუწევს. ფონდში საქართველოსა და რუსეთის მხრიდან ნეიტრალური კომპანიის დასაფინანსებლად საჭირო თანხები გადაირიცხება.
ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის მხარემ ხელმოწერით, იმ პროცედურების შესრულება დაასრულა, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით, საქართველოსა და რუსეთის მხარეს შორის, საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის პროცედურების პრაქტიკული რეალიზებისთვის იყო საჭირო.
კომპანია SGS-თან იგივე ხელშეკრულება საქართველომ 2017 წლის 19 დეკემბერს გააფორმა. კონტრაქტი თბილისსა და მოსკოვს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს, შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით, ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით, „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას ითვალისწინებს. ორი სავაჭრო დერეფანი ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.
შეთანხმების თანახმად, „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ წარმომადგენლები, ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით, თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში ისე განთავსდებიან, რომ ისინი უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში არ განლაგდებიან.
შეთანხმების თანახმად, საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმს ყველა იმ საქონლის შესახებ უნდა მიაწოდონ მონაცემები, რომელიც სავაჭრო დერეფნებიდან შედის ან გამოდის.
საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტი „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით შედის, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენებაა.
შეთანხმების პრაქტიკული რეალიზებისთვის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შვეიცარიულ მხარესთან ხელმოწერა იყო საჭირო. თუმცა, რუსეთი 2011 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან ამ დრომდე თავს იკავებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)