Site icon Civil.ge

26 მაისს საქართველოს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა

ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili/

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი, 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა.

სადღესასაწაულო ღონისძიებებს ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სომხეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

ექვსი ქვეყნისა და ევროკომისიის პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან. პარლამენტში კი, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ . ფორუმში საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

26 მაისს, საღამოს, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილისა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.

26 მაისი დამოუკიდებლობის დღედ 1991 წლიდან აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)