(ერთობა N102, 22 მაისი, 1918. აღწერილია 15-17 მაისის მოვლენები) მთავრობის ცნობა: რამდენიმე კვირის წინათ ბალშევიკებმა ხელში ჩაიგდეს სოხუმის ოლქი ქ. სოხუმით. სახალხო გამგებლობის მათთვის ჩვეულ საშუალებით სრული რღვევა და დეზორგანიზაცია გამოიწვიეს, მცხოვრებთ შიშის თავზარი დასცეს და 3 ნახევარი მილიონი კონტრიბუცია დაადეს. მთავრობამ რევოლიუციონურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით გადასწყვიტა ბოლო მოუღოს შეუწყნარებელ ანარქიას და პოლკ. კონიევის და სეიმის წევრის, ვალ. ჯუღელის უფროსობით გამოწრთობილ წითელგვარდიელთა და სამხედრო ნაწილთა რაზმი [გაგზავნა], რომელმაც დაამარცხა დიდი წინააღმდეგობის გამწევი მშვენივრათ შეიარაღებული ბალშევიკების ჯარი და ზეიმით სოხუმში შევიდა, სადაც დაუყოვნებლივ აღდგენილ იქმნა რევოლუციონური წესრიგი.
იქიდან მოსული ოფიციალური ცნობა გადმოგვცემს იმ აღტაცებას, რომლითაც სოხუმის მცხოვრებლები თავის განმათავისუფლებელ – მთავრობის ჯარს შეხვდა. ჯარს გზადაგზა განუწყვეტლათ ოვაციებს უმართავდნენ. ჩვენმა რაზმმა წამოიყვანა 400 ტყვე, 11 ზარბაზანი ამათში 2 – საალყო, 21 ტყვიისმფრქვეველი და დიდძალი ვინტოვკები და ტანისამოსი. ჩვენი გამანადგურებელი N 525 გუდაუთთან დაეწია სოხუმიდან გაქცეულ დიდ ტრანსპორტს, რომელზედაც დიდძალი სურსათი იყო და გაპარული მეამბოხენი იმყოფებოდნენ და ტყვეთ წამოიყვანა.
ბალშევიკებისაგან სოხუმის განთავისუფლების შემდეგ შესდგა საზეიმო შეერთებული კრება ქალაქის საბჭოსი, მუშათა და გლეხთა საბჭოსი და სოციალისტური პარტიების კომიტეტებისა. კრებას დიდძალი გარეშე ხალხი დაესწრო. ერთხმათ მიღებულ იქნა ჩვენი რაზმის მისასალმებელი რეზოლიუცია, რომელიც სავსებით იწონებს ამიერკავკასიის მთავრობის მტკიცე ნაბიჯებს.
- კონტექსტისათვის, იხილეთ ვიკიპედიას სტატია.
This post is also available in: English (ინგლისური)