Site icon Civil.ge

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ“, 27 მაისი, 2018, ფოტო: კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

თბილისში, 27 მაისს, პარლამენტის შენობის წინ, ხორავას ქუჩაზე გასული წლის პირველ დეკემბერს მოკლული არასრულწლოვნების საქმის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით, აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე იყო. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა მისი შვილის მკვლელობის საქმეს არაკეთილსინდისიერად წარმართავს და მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ხელს მიზანმიმართულად აფარებს.

აქცია საღამოს შვიდ საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. სოლიდარობის აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. აქციაზე გასული წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავების ოპერაციის შედეგად დაჭრილი და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ზაზა სარალიძემაც მიმართა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს მე ვდგავარ ძალიან დიდი უსამართლობის წინაშე…დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ არ გაგრძელდეს კიდევ იგივე, რომ ხვალ არ გაგრძელდეს, ახალგაზრდების მკვლელობა“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ექსპერტებმა „კატეგორიულად დაადასტურეს“, რომ, მკვლელობის დროს, მისი შვილის სხეულზე მხოლოდ ორი დანა არ იყო გამოყენებული. „იქ იყო სხვადასხვა საგნები გამოყენებული, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით დამალა“, – დასძინა სარალიძემ.

აქციამდე ორი დღით ადრე, საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესა და ზაზა სარალიძეს შორის შეხვედრაც იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩაიშალა. ზაზა სარალიძე პროკურორთან საჯარო შეხვედრას ითხოვდა. პროკურატურაში ის თანმხლებ პირებთან, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელთან  ზვიად კუპრავასთან და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ცქიტიშვილთან ერთად მივიდა, თუმცა პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაგდა კაპანაძემ განმარტა, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, უცხო პირებს საქმეზე წვდომა ეზღუდებათ, რის გამოც, მათ შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

ზაზა სარალიძე გამოძიებას უნდობლობას დიდი ხანია უცხადებს. მისი შეფასებით, პროკურატურამ სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი მოწმის ბიძის, მირზა სუბელიანის ბრალი მიზანმიმართულად არ გამოკვეთა და მტკიცებულებები დამალა. სუბელიანი ხორავას ქუჩის მკვლელობის დროს პროკურატურის თანამშრომელი იყო. მან თანამდებობა მომხდარიდან მალევე დატოვა. სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობაში ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე პროკურატურა გამოძიებას ორი მიმართულებით, მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაზეც აწარმოებს. პროკურატურის ინფორმაციით, პირველ საქმეზე 2 პირია დაკავებული, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე 5 პირის მიმართ არის აღძრული.

საქმის სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 9 ივნისამდე გამოაცხადებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)