Site icon Civil.ge

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, 29 მაისი, 2018, ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

29 მაისს, სირიის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საპასუხოდ,საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სირიის რეჟიმმა რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღაიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.

მისივე განცხადებით, ამ ქმედებით, ასადის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას დაუჭირა მხარი.

დონდუას თქმით, რეჟიმმა უგულვებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

დავით დონდუამ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის მიერ, უკანონო გადაწყვეტილების სათანადოდ შეფასებისა და საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

საკითხს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მდივანი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში, საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია“. ფხალაძემ აღნიშნა, რომ სირიის ამ გადაწყვეტილებას არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი არ ექნება, თუმცა იქვე არაბული ლიგის ქვეყნებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან „მუდმივი და კოორდინირებული“ მუშაობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

სირიამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ორმხრივი აღიარებისა და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილება 29 მაისს მიიღო. ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.

ამ დრომდე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს ჰქონდა აღიარებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)