აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან ზუსტად ერთი წლის გაუჩინარების საქმის ეფექტიანად გამოძიებისა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, 29 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი არაამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ იყო. მდუმარე აქცია-პერფორმანსი თბილისის დროით, საღამოს ხუთ საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთს გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა მუხთარლის საქმის არაეფექტიანი გამოძიება სიმბოლურად შავი ნიღბებით გააპროტესტეს.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტზე, გამოძიების დაწყებიდან, ერთი წლის შემდეგაც, პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია და ეჭვები არც ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე გაქარწყლებულა.
დღესვე, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების შესახებ ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, საფარმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აფგან მუხთარლის „სავარაუდო გატაცება“ და აზერბაიჯანში „გადაყვანა“ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ქვეყნის იმიჯს ლახავს.
მათივე განმარტებით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე, ვალდებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა უსაფრთხოება უზრუნველყოს და იმ ქვეყანაში მათი იძულებითი გადაცემა არ დაუშვას, სადაც ისინი „შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ“.
არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას და საქმეზე გამოძიების „მნიშვნელოვანი ხარვეზებით“ დაწყებისა და წარმართვის გამო, გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესწავლის მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მედიასთან 24 მაისს ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე დაწყებული გამოძიებით, ამ დრომდე, „ვერცერთი მტკიცებულების მოპოვება ვერ მოხერხდა“.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. ის მეორე დღეს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მიმდინარე წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
This post is also available in: Русский (რუსული)