საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ირაკლი შოთაძის განმარტებით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მისივე თქმით, „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება”.
მან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გადადგომა მათ იმაში დაარწმუნებს, რომ „ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს [გულისხმობს მიხეილ სააკაშვილსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს], რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე“.
ირაკლი შოთაძის გადადგომას ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არის „უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი”.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება. თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებიდან, მალევე გავრცელდა.
„მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავარი პროკურორის გადადგომას დღეს პროკურატურის წინ შეკრებილები, მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე გასული წლის დეკემბერში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა, რასაც დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)