Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მივიდა

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მივიდა და მას პირისპირ შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ის უპირველეს ყოვლისა, ზაზა სარალიძესთან იმ ტკივილის გასაზიარებლად მივიდა, „რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო“. 

პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში „მშვიდი და სტაბილური პროცესი იქნას შენარჩეუნებული. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ის ქვეყანა, სადაც ადამიანები „პოულობენ სამართლიანობის განცდას“. „ამ მიზნისთვის მუშაობაში მე არ გავჩერდები“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განმარტება გააკეთა ზაზა სარალიძემაც. მისი თქმით, მან პრეზიდენტს საქმის ყველა დამალული დეტალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი შვილის მკვლელების დასჯა მოითხოვა. სარალიძის განმარტებით, პრეზიდენტმა მას სოლიდარობა გამოუცხადა და მისგან პირობა მიიღო, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მას არ დარჩეს იმის განცდა, თითქოს ვინმე შესაბამისად არ დაისაჯა.

ზაზა სარალიძემ 31 მაისს გამართულ აქციაზე პრეზიდენტს მის მიმართ გამოხატული თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა და მას აქციაზე მისვლა სთხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)