ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, სამ ივნისს, პარლამენტის შენობის წინ და ვაკის პარკში, ორი პარალელური აქცია გაიმართა. ვაკის პარკის აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ოთხ ივნისს, საღამოს შვიდ საათზე კვლავ განახლდება.
ვაკის პარკში ალტერნატიული აქცია, დაახლოებით, დღის სამი საათისთვის დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი, „პოლიტიკის გარეშე“ ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის გამოხატვა იყო. აქციას ზაზა სარალიძეც შეუერთდა. აქციაზე იმყოფებოდა მისი მეორე შვილიც. სარალიძის განმარტებით, ის იქ იქნებოდა, სადაც მისი შვილი და შვილის მეგობრები არიან.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა სარალიძეს „ნაციონალური მოძრაობისგან ჩამოშორება“ და მათთან დარჩენა ურჩია. აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზაზა სარალიძესთან შესახვედრად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. მისმა გამოჩენამ აქციის ზოგიერთი მონაწილე გააღიზიანა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკი სახალხო დამცველთან ერთად დატოვა და განაცხადა, რომ მას არანაირი ხალხი აღარ სჭირდება. „მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე. მე ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა“, – აღნიშნა მან.
საღამოს ექვსი საათისთვის განახლდა რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაც, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აქციაზე არ იყო ზაზა სარალიძე. ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ. მოგვიანებით, სიტყვით ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და სახალხო დამცველისგან ზაზა სარალიძის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.
ვაშაძის განცხადების შემდეგ, სახალხო დამცველმა მალევე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიმდინარე აქციების ფონზე, ზაზა სალარიძე „საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა“. მან ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი არ დაასახელა, თუმცა განმარტა რომ ის უსაფრთხო ადგილზე იყო. მანვე აღნიშნა, რომ ის „მასთან [ზაზა სარალიძესთან] მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მის მდგომარეობას აკონტროლებს“.
ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ხვალიდან, სახალხო დამცველის ოფისი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის მასალების შესწავლას დაიწყებს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება პასუხები. სახალხო დამცველი აგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს. აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე გარდაცვლილი პირების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, მოგვიანებით, ზაზა სარალიძეც შეუერთდა და განაცხადა, რომ ის იქნება ყველგან, „სადაც მისი შვილის მხარდამჭერები იქნებიან“. მან აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათთან დიდხანს ვერ დარჩებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ბრძოლა გრძელდება“.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის ოთხ ივნისს ორ საათზე, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
მოგვიანებით, მედიასთან გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ პრემიერს ზაზა სარალიძე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება, ვინც დღეს აქციაში მონაწილეობს. ვაშაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა „მისი გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება“. თუმცა, პრემიერის ადმინისტრაციასთან შეხვედრა ოფიციალურად შეთანხმებული არ არის.
ამის შემდეგ, აქცია დაიშალა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მთელი კვირის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო აქციები გაიმართება, შეხვედრები იქნება რეგიონებშიც. ხელისუფლებისგან პასუხის არარსებობის შემთხვევაში კი, 10 ივნისს პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.
დღეს დილით, გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ–მინისტრი მზად არის, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის მშობელს, „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მშობლების სურვილის შემთხვევაში, შეხვედრას სახალხო დამცველიც დაესწრება.
სამ ივნისს, ქართული ოცნების ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომაც გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპები იყო.
მისივე თქმით, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება. საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი 31 მაისის სხდომაზე დაუჭირა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომისიის შემადგენლობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობასთან კონსულტაციებს 4 ივნისიდან დაიწყებს.
საპროტესტო აქციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმეზე 31 მაისის გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასა და საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა. თუმცა, საპროტესტო აქციები ამით არ დასრულებულა.
თბილისში, პარლამენტის წინ, დემონსტრაციები ოთხი დღე მიმდინარეობდა. იქ შეკრებილები სამართალდამცველი სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვდნენ. მხარდამჭერი აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც. სამ ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)