საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას, რომელიც ქვეყნის არაღიარების პოლიტიკას კურირებს, 4 ივნისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს, სადაც მან სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ისაუბრა.
„სირია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ის არის მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემა“, – განაცხადა დონდუამ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. „რაც შეეხება ასადის რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ამის ნიშნები განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ იყო, როდესაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და სწორედ მოსკოვის მეშვეობით, ერთგვარად, გაიმაგრა პოზიციები ბაშარ ალ ასადმა“.
„ამის შემდეგ სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა ეღიარებინა აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით როგორც ორმხრივად სირიასთან, ასევე ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზოლირებული ხდებოდა ასადის რეჟიმი ცივილიზებული სამყაროსგან. სულ უფრო ნაკლები სიტყვა ეთქმოდათ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს“, – აღნიშნა დონდუამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი ძალა, ვინც სირიაში სიტუაციას მართავდა კრემლი იყო. „მან თავისი შანტაჟის, პროვოკაციისა და ზეწოლის შედეგად, ასადის რეჟიმს აღიარებინა ე.წ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მან.
„ფაქტია, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს 2008 წლის 26 აგვისტოდან, როდესაც მან აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ დამოუკიდებლობა, წარმოაჩინოს მათი პოლიტიკური სტატუსი, მოახდინოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, რათა ამით ერთგვარად გაამართლოს ის უკანონო ქმედებები, რომლებიც მან ჩაიდინა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შედეგად“, – განმარტა დონდუამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება უკანონო იყო და გაიმეორა, რომ ამას რაიმე უარყოფითი გავლენა რეგიონისთვის არ ექნება. „ე.წ დომინოს ეფექტს, რომელზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები, არ ველოდებით“, – განაცხადა მან იმ მოსაზრების საპასუხოდ, რომ თითქოს სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარებამ, შესაძლოა, არაბული ქვეყნებიც მოიცვას.
დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო განაგრძობს მუშაობას არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებთან, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, რათა აღიარების პროცესი არ გაგრძელდეს. „სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში კიდევ არსებობენ სხვა დანაშაულებრივი რეჟიმები, შეუმდგარი სახელმწიფოები, კვაზი სახელმწიფოები, სადაც მოსკოვს და კრემლს გააჩნია გარკვეული ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტები და შანტაჟის საშუალება, ამიტომ ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ყველა ასეთი ქვეყანა, ყველა ასეთი რეგიონი, ყველა ასეთი ორგანიზაცია და ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – დასძინა მან.
სირიამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილება 29 მაისს მიიღო. ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. პასუხად თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, აშშ-მა და ევროკავშირმა სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება დაგმეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)