Site icon Civil.ge

მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა გრძელდება 

კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს ესაუბრება, 5 ივნისი, 2018, ფოტო: კადრი ერთობა 2013-ის facebook-დან

თბილისის მერს კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის მემანქანეებს შორის, ოთხი ივნისის შეხვედრის შემდეგ, შეთანხმება ვერ შედგა და მემანქანეები ხელფასების 45%-ით გაზრდის მოთხოვნით შიმშილობის აქციას კვლავ აგრძელებენ.

„იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება,“ – განაცხადა კალაძემ მემანქანეებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მან მემანქანეების „პრობლემებს და გასაჭირს“ მოუსმინა, თუმცა გაფიცულებს აუხსნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის მერიას, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ამ ეტაპზე, საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს.

მეტროპოლიტენის მემანქანეები 3 ივნისს გაიფიცნენ. გავრცელებული მოსაზრებით, მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერების გამო, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, სამსახურიდანაც დაითხოვონ.

მემანქანეების გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორის არჩილ ლაბაძის თქმით, თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმ რამდენიმე მემანქანის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სამუშაო საათებში მაინც გაიფიცნენ.

„თუ ასეთი ფაქტი დადგება, ამ შემთხვევაში, როგორც თავიდანვე შევთანხმდით, უნდა ვიყოთ ერთსულოვნები და უნდა დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით და ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი“, – განაცხადა ლაბაძემ. მან მგზავრებს ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების შექმნის გამო, ბოდიში მოუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოთხოვნები მალე დაკმაყოფილდება და მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებს.

„ჩვენ უვადოდ გვაქვს გამოცხადებული გაფიცვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე არ მოხდება ხელფასის ზრდის შესახებ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მანამდე ფიზიკურად ვერ შევძლებთ ჩვენ შეთანხმებამდე მისვლას“, – დასძინა მან.

გლდანის დეპოში მემანქანეები თბილისის მერს გასულ ღამეს შეხვდნენ. შეხვედრა კალაძის თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დახურული იყო. გაფიცულები მერს მანამდე თბილისის მერიაშიც შეხვდნენ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გაფიცულებთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ თუ მემანქანეებს სამსახურიდან გათავისუფლებით და სხვა მხრივ დაემუქრებიან, მისი აპარატი მათ ინტერესებს დაიცავს. „გაფიცვის უფლება არის გარანტირებული ამ ქვეყანაში და არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი ხრიკი იყოს მოძებნილი იმისათვის, რომ თავი აარიდოს დასაქმებულმა ამ უფლების რეალიზებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წლიდან მუშაობს და ორი ხაზის და 23 სადგურის მეშვეობით, ყოველდღიურად, დილის 6 საათიდან შუაღამემდე, დაახლოებით 600 000 მგზავრს ემსახურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)