(ერთობა, N113 და N114, 4-5 ივნისი, 1918) სამხედრო მინისტრის მოხსენებით, დროებითი სამხედრო უწყების დაარსების შესახებ მთავრობამ მიიღო პროექტი, რომლის მიხედვითაც სამხედრო მმართველობის სათავეში სამხედრო მინისტრი იქნება. მმართველობას დაექვემდებარება შემდეგი დაწესებულებანი და პირნი: სამხედრო მინისტრი, მისი ამხანაგი, სამინისტრო და კანცელარია. მინისტრის ამხანაგი იმავე დროს მთავარ-სარდალი იქნება.
ჯარის მმართველობა ორ კატეგორიათ იყოფა: 1) საველე შტაბი და 2) მთავარი შტაბი. საველე შტაბს ევალება ჯარის გაწვრთნა, თანამდებობაზე დანიშვნა და სამხედრო ხარისხების მიცემა. მასთან იქნება სურსათის და იარაღის მიმწვდენელ დაწესებულების უფროსის კანცელარია (ინფანტერია, არტილერია, საინჟინრო და საინტენდანტო). საველე შტაბი მშვიდობიან დროს ისე შედგება, რომ მუდამ მზად იქნება ომისათვის.
მთავარი შტაბი აკადემიური დაწესებულებაა, მას დაკისრებული ექნება ზურგის ფუნქციების შესრულება, სახელმწიფოს დაცვა, მობილიზაცია, ტოპოგრაფია, კანონპროექტების შემუშავება და სხვა.
პროექტის მიღებისთანავე, მთავრობამ დაადგინა სთხოვოს მთავარ-სარდალს ეხლავე მოახდინოს აღნიშნული რეორგანიზაცია და დაბეჭდილი მოხსენება წარუდგინოს ეროვნულ საბჭოს სამხედრო კომისიას.
საიდუმლო რაზმი
თფილისში დაარსდა საიდუმლო მილიციის საგანგებო რაზმი, რომელსაც განსაკუთრებით დაკისრებული აქვს მოპარულ სახაზინო ქონების და მიმალულ იარაღის და სურსათის აღმოჩენა. მოკლე ხანში ხსენებულმა რაზმმა საკმაოდ დიდძალი მოპარული ქონება აღმოაჩინა: სახასინო ტანისამოსი, თეთრეული, სხვადასხვა სახაზინო ქონება, შაქარი, იარაღი და სხვა.