პარლამენტმა 6 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცა.
კომისიას ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. მას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. კომისიის თავმჯდომარეობა სურდა პატრიოტთა ალიანსის წევრს ადა მარშანიასაც, თუმცა კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა ჩავარდა.
კომისიაში უმრაველსობით ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოა წარმოდგენილი. კომისიაში პარტიის შემდეგი ცხრა წევრი შედის: ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი და მამუკა ჩიქოვანი.
კომისიაში ექვსი დეპუტატი ჰყავს ქართულ ოცნებას. ესენია: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი.
კომისიაში ასევე იქნებიან პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.
პარლამენტის დადგენილების მიხედვით, კომისია მუშაობას დამტკიცებისთანავე იწყებს. მისი უფელბამოსილების ვადა კი სამი თვით განისაზღვრა.
საპარლამენტო კომისიაში ჩართვაზე უარი თქვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მათ კომისიის შექმნა „დროის გაჭიანურებად“ შეაფასეს. „აღნიშნულ ვითარებაში კომისიის შექმნა არის მცდელობა რეალურად გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსესუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებას „სრული სიცრუე“ უწოდა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება შსს-ში ისედაც მიმდინარეობს.
უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სხდომაზე იმით დაინტერესდა თუ რა პრინციპით შეირჩა კომისიის შემადგენლობა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კომისიაში წარმოდგენილი უმრავლესობა „ამ ქვეყანაში სამართლიანობის გრძნობას“ ვერ დანერგავს.
„ეს კომისია ვერ გამოიტანს იმ დასკვნას რის გამოც შეიქმნა, ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს კომისია ნამდვილად თავის შედეგს ვერ მოიტანს და მე ამ კომისიას მხარს არ დავუჭერ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომელსაც მმართველ გუნდთან გარკვეულ საკითხებზე დაპირისპირება ადრეც ჰქონდა.
ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ „არ დავიწყებთ პოლიტიკურ კინკლაობას“. „ევროპული საქართველო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ დავდოთ შედეგი, დავდოთ პასუხები“, – განაცხადა მანვე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა, რასაც მამის, ზაზა სარალიძისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)