Site icon Civil.ge

პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე წამების მუხლით გადააკვალიფიცირა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების ფაქტზე გაგრძელდება, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა. პროკურატურის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი არჩილ ტატუნაშვლის გარდაცვალების შესახებ სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პირველადი დასკვნა და საქმის მასალები გახდა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტი არჩილ ტატუნაშვილი განზრახ მკვლელობისა და უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე იძიებდა. მას შემდეგ კი, რაც 31 მაისს, გამოძიებამ ტატუნაშვლის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, პროკურატურამ საქმის კვალიფიკაციის დამძიმება გადაწყვიტა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება რილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. ამავე განცხადების თანახმად, დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი, ბრტყელი და/ან ცილინდრული საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად.

პროკურატურის გადაწყვეტილებას წინ, ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატის თამარ ავალიანის განცხადება უძღოდა, რომელმაც პროკურატურა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნისა, რომლითაც ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი ნათლად იკვეთებოდა, გამოძიება საქმის შესაბამისი მუხლებით გადაკვალიფიცირებას არ ახდენდა.

თამარ ავალიანმა განმარტა, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიუხედავად, ოჯახს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ გარკვეული კითხვები ჰქონდა. ისინი ეჭვობდნენ, რომ დასკვნაში ყველა დაზიანება სრულად აღწერილი არ იყო. მაგალითად, შუბლის არეში არსებული ნაკვალევი, რომელიც ტატუნაშვილის მამის ვარაუდით ნატყვიარი იყო, მარცხენა საფეთქელთან შეზნექილი ნაწილი და ცხვირი, რომელიც გიორგი ტატუნაშვილის თქმით, ხელოვნურად იყო აღდგენილი. 

გიორგი ტატუნაშვილი კითხვებზე პასუხის მისაღებად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს მივიდა. შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა განაცხადა, რომ მან კითხვებზე პასუხები მიიღო. მისი თქმით, ექსპერტებმა განუმარტეს, რომ არსებული დაზიანებები, დასკვნაში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ისინი ტექნიკურ, ანუ სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებს არ განეკუთვნებოდა.

თამარ ავალიანის თქმით, ახლა მთავარია კომისიური ექსპერტიზის დროული დასკვნა, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მიყენებული დაზიანებები სასიკვდილო. ამის შემდეგ, ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ექსპერტიზის დასკვნაზე განმარტება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა იმას ადასტურებს, რომ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, ხვალ, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, არჩილ ტატუნაშვლის საქმე მთავარი განსახილველი თემა იქნება. 

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ახალგორში დააკავეს. ის ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ერთი თვის შემდეგ გადმოეცა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)