Site icon Civil.ge

ვოლკერი: ტრამპს ობამასთან შედარებით, რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე პოლიტიკა აქვს

კურტ ვოლკერი ანი ჩხიკვაძეს ესაუბრება, ფოტო: ამერიკის ხმა

აშშ-ს ყოფილ ელჩს ნატოში, კურტ ვოლკერს სირიის ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის ასპექტებზე ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ, სირიის ასადის რეჟიმმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, როგორ ფიქრობთ, რატომ ახლა და რა უნდა გააკეთოს თბილისმა, რომ შეინარჩუნოს საერთაშორისო თანამეგობრობის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა?

უპირველეს ყოვლისა, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. ამიტომ მათ მიერ აღიარება, რუსეთის ინტერესებშია. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება, თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება.

შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყნები, როგორიცაა ირანი მიჰყვნენ სირიის მაგალითს? როგორ შეუძლია დასავლეთს საქართველოს დაეხმაროს?

ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. ასე რომ ეს შესაძლებელია.

სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს. მათ არ სურთ დაუშვან პრეცენდენტი, როცა ერთ შემთხვევაში აღიარებენ და მეორე შემთხვევაში მოუწევთ იმის ახსნა, თუ რატომ არ მოქმედებენ თანმიმდევრულად. ეს შეეხება ირანსაც, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აერთიანებს.

საქართველოს ადმინისტრაცია და პრემიერი კვირიკაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აძლევს უფლებას ისარგებლოს საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული სარგებლით. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ამ რეგიონებს მთლიანად აკონტროლებს, ეს უფრო „პი-არ“ ნაბიჯად შეგვიძლია განვიხილოთ თუ მისი განხორცილება შესაძლებელია?

ჩვენ ეს ორი რამ უნდა განვაცალკევოთ. არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მთავრობის ინიციატივასა და რუსეთის ცუდ ქცევას შორის. ამის მიუხედავად რუსეთი გააგრძელებს ცუდად მოქცევას. რუსეთის მიერ ყველაფრის დაბლოკვის მცდელობიდან გამომდინარე, მთავრობას ამ ინიციატივის შესრულების მცირე შანსი აქვს.

თუმცა, ინიციატივა, მისი შინაარსის და ფორმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რადგან მთავრობა აჩვენებს პოზიციას, რომ მზადაა საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს. სწორია, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ეუბნები, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და იმ სიკეთეებით შეუძლიათ ისარგებლონ, რითაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ სარგებელზე მათ ხელი არ მიუწვდებათ, რუსეთის ოკუპაციაა.

საქართველოში და დასავლეთში საქართველოს წინა ხელისუფლებას რუსეთისადმი „უხეში რიტორიკის“ და მკაცრი ნაბიჯების გამო ბევრი აკრიტიკებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ექნებოდა უფრო მეტად პრაგმატული მიდგომა რუსეთისადმი, მათ შეარბილეს რიტორიკა და მიდგომა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, იქნება ეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ქართველი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და ოკუპირებული ტერიტორიების უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ამის გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისადმი?

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ რუსეთის ცუდი საქციელის გამო არცერთი მთავრობა არ უნდა დავადანაშაულოთ, იქნება ეს სააკაშვილის, თუ კვირიკაშვილის, რუსეთი იქცევა ისე, როგორც იქცევა. მას სამეზობლოში გავლენის შენარჩუნება, არასტაბილურობის შექმნა, საქართველოსა და უკრაინის ევროპისგან ჩამოშორება სურს, რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

აქ რამდენიმე ფაქტორია. თუ რუსეთს არ სურს იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც ვითხოვთ, ამ შეთხვევაში მოქმედების არეალი შეზღუდულია და ეს [საქართველოს] ორივე მთავრობის პოლიტიკას ასახავს.

მეორე ფაქტორი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაკავშირება და მათთვის იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. და მესამე დემოკრატიისკენ, რეფორმისა და დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრაციისკენ ორიენტირებაა. და ამას ორივე მთავრობა აკეთებდა. ეს საბოლოოდ, საქართველოსთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მსოფლიოში მისი ადგილის საუკეთესო გარანტია.

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა . ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა და განახლდა საუბარი თავისუფალი ვაჭრობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში?

ვფიქრობ ურთიერთობა სწორი გზით მიდის. არაა საჭირო რაიმე ახლის შექმნა. ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ კარგი სტრატეგიული დიალოგი და ახლო სამხრედო თანამშრომლობა გვაქვს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს „ჯაველინები“ გადავეცით.

ასევე განიხილება ვაჭრობის საკითხები, რომელიც შესაძლოა პოზიტიურად განვითარდეს. დღის წესრიგში ბევრი რამ დგას. ამიტომ, საჭიროა ფოკუსის შენარჩუნება და სწორი გზით სვლა. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერა და ევროკავშირთან ურთიერთობის ხელშეწყობაა. საბოლოოდ საქართველო აქ – ევროპული ოჯახის წევრად დაიმკვიდრებს თავს.

ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია, კრიტიკოსების აზრით, რეგიონში ნაკლებად ჩართული იყო. 2008 წლის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო, მალევე გააუქმა სანქციები და საბოლოდ დასავლეთმა თავშეკავებულად უპასუხა, საქართველო-რუსეთის ომს. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს პოლიტიკა შეიცვალა? უფრო მეტ ჩართულობას ვხედავთ, თუ ნაკლებს?

ეს საინტერესო კითხვაა. შეგვიძლია ის საქართველოს პრიზმაში განვიხილოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო შესაფერისი ვაშინგტონის მხრიდან შეხედვაა. პრეზიდენტმა ობამამ უარყო ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ დღეს დემოკრატები რუსეთზე, იმ დროისთვის, მათ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ სურდათ და ამ მიზნით, მათ უგულვებელყვეს რუსეთთან არსებული პრობლემები. მათ შორის, საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია. ცხადია, ეს არ გამოვიდოდა, რადგან რუსეთი არ შეცვლილა და ამას, პრობლემების ახალი სერია მოჰყვა.

ტრამპის ადმინისტრაციას, ობამას ადმინისტრაციასთან შედარებით, რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე და მკაცრი პოლიტიკა აქვს.

ეს კარგია რადგან, ვფიქრობ, რომ უნდა რუსეთთან გარკვეული ხაზები უნდა გავავლოთ, ვნახოთ, მოჰყვება თუ არა, ამას სტაბილიზაცია და შეგვეძლება თუ არა, მომავლისკენ გავიხედოთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)