Site icon Civil.ge

საქალაქო სასამართლომ ქართული მარშის ხუთი აქტივისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ფოტო: facebook.com/TbilisiCitycourtofficial/

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ქართული მარშის ხუთი აქტივისტი შვიდ ივნისს გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი პირი კი კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

საქალაქო სასამრთლოს განმარტებით, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, სასამართლომ მხედველობაში ის გარემოება მიიღო, რომ ხულიგნობაში ბრალდებულები აქამდე ნასამართლევები არ ყოფილან და მათ ბრალად ნაკლებად მძიმე კატეგორიის შესაძლო დანაშაული ედებათ. „აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

რაც შეეხება პატიმრობაში დარჩენილ ორ ბრალდებულს, სასამართლოს განცხადებით, მათ ბრალი ძალადობაში, ფიზიკურ შეურაცხყოფაში (ცემა) და სხვისი ქონების (ავტომობილის) განზრახ დაზიანებაში ედებათ. ასევე, ისინი დანაშაულის ერთობლივად ჩადენაში არიან ბრალდებულები. ამის გათვალისწინებით, სასამართლომ მათი პატიმრობაში დატოვება „მიზანშეწონილად ჩათვალა“. საქმეზე მომდევნო სხდომა 19 ივნისს გაიმართება.

ქართული მარშის აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 20 მარტს, წინა დღით, ტელეკომპანის რუსთავი 2-თან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტ-ის საფუძველზე დააკავა. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 23 მარტს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავდაპირველად, შსს-მ ქართული მარშის 6 აქტივისტი დააკავა, მოგვიანებით, კიდევ ერთი.

ქართული მარშის წევრები 19 მარტს რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ და გადაცემა “პოსტკრიპტუმის” წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ,18 მარტს იესო ქრისტესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც, როგორც მოძრაობის აქტივისტები ამბობდნენ, მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, ტელეკომპანიის ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა და არხის იურისტის თამთა მურადაშვილის ავტომანქანა დაზიანდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)