50 არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის მიერ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არსრულწლოვნების საქმის გამოძიებისა და დამდგარი შედეგების გამო „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს და შსს–ის მხრიდან საქმის დროულ გამოძიებას, ასევე დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში შემავალმა ორგანიზაციებმა შესაბამისი განცხადება დღეს გაავრცელეს. მათი თქმით, იმისათვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს „სწრაფი და ქმედითი“ ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათივე შეფასებით, საქმის დროული გამოძიება არა მხოლოდ არსებულ ეჭვებს მოხსნის, არამედ „საზოგადოებაში სამართლიანობის მყარ განცდას“ გააჩენს.
არასამთავრობოების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯოს ყველა პირი, ვინც „მფარველობდა დამნაშავეებს და მონაწილეობდა ნივთმტკიცებების გაყალბებაში“, რადგან მოქალაქეებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მაღალი „თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ სამართლებრივი იმუნიტეტით“.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორი და მთლიანად პროკურატურა მაღალი რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს და იმისთვის, რომ პროკურორები „თავად არ იქცნენ კანონდამრღვევებად და არ მოხდეს მათი მარლთსაწინააღმდეგოდ მართვა“, საჭიროა სისტემის „სერიოზული რეფორმა“.
არასამთავრობოები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ეხმაურებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ კომისია არა მარტო „ნათელს მოჰფენს“ და „სააშკარაოზე გამოიტანს“ პროკურტურაში არსებულ „ფუნდამენტურ ხარვეზებს“, არამედ „ბიძგს მისცემს პროკურატურის ორგანოების ღრმა, სისტემურ რეფორმებს“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ევროპის კომისიის ინიციატივით შეიქმნა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, სომხეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები შედიან. ფორუმის მიზანი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება, მათ შორის თანამშრომლობა, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგი და პარტნიორ ქვეყნებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)