საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 8-9 ივნისს საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, კიევს სტუმრობს, მის მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.
სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ, რომელიც „ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას და სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად“.
თავის შესავალ სიტყვაში კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სამ ქვეყანას „გვაქვს საერთო მისწრაფება და გვსურს გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები“ და რომ „საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს და ასევე, ის ნათელი გზავნილი იქნება ამერიკელი პარტნიორებისთვის“.
„გვწამს, რომ ევრო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია და მასთან თანამშრომლობა ემყარება ჩვენს ისტორიულ წარსულს, კულტურულ და ეროვნულ მემკვიდრეობას, და ყველაფერთან ერთად, ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას“, – განაცხადა მან.
უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან დაპირისპირების შესახებ გამართულ საპანელო განხილვაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ „მძიმე“ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავ „აგრესიულ ძალად“ რჩება. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ ამ ორ რეგიონში არსებულ პრობლემებს „განსაკუთრებული ყურადღება“ მიაქციონ.
„ერთობლივი ძალისხმევა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, რომელსაც სამი პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის პირველ შეხვედრაზე განიხილავს, რომელიც თბილისში შემოდგომაზეა დაგეგმილი.
მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციას კიევი მასპინძლობს, პირველი შეხვედრა მოლდოვაში მარტში გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარეები ევროპარლამენტის წევრებს რებეკა ჰარმსს, მაიკლ გალერს და პეტრას აუსტრევიჩიუსაც შეხვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)