ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაიანჩევა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდა და ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
„საქართველო და ბულგარეთი ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ხიდს ქმნიან და ამ შესაძლებლობის გამოყენება შავი ზღვის და ფართო რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან მის ბულგარელ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. სანაცვლოდ, ცვეტა კარაიანჩევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულგარეთი საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას განაგრძობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის უფრო ახლო თანამშრომლობას ისახავს.
10-12 ივნისის ვიზიტის ფარგლებში ცვეტა კარაიანჩევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)