Site icon Civil.ge

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობენ, 10 ივნისი, 2018, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/civil.ge

პარლამენტის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, შეკრებილებსა და სამართალდამცველების დაპირისპირების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი, მათ შორის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე დააკავა. ამის შემდეგ, პოლიციელებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა განაცხადა, რომ დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო მოხდა. მისი განმარტებით, დაკავებულები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

დაკავებულებზე კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების განცხადები, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით, 9 პირი დააკავეს. მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.

უწყების განმარტებით, მათ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. მოგვიანებით, შსს-მ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა და განმარტა, რომ ინფორმაციის გავრცელებისას, ტექნიკური შეცდომა მოხდა და მათ საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ.

სამინისტროს განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრიც ნიკა მელიაც, რომელიც ასევე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნებს. უწყების განმარტებით, პოლიციამ ადგილზევე აღკვეთა მისი სამართალდარღვევა და ის თავისუფალია. სამინისტროს განცხადებით, 11 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სულ 19 პირია დაკავებული.

ნიკა მელიას დაკავებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპუტატის მიმართ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით მან განმარტება უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში – მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე და ნიკა მელია მყისიერად იქნა გათავისუფლებული, ამ ინციდენტის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში“.

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დილიდან დაიძაბა. სამართალდამცველებმა პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, რამდენიმე პირი, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა დააკავეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ დააბრუნეს. სამი კარავი გუშინ საღამოს, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის თხოვნით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაიტანეს და გზის სავალ ნაწილზე მოათავსეს.

სამართალდამცველებსა და დაკავებულ ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოშიც, სადაც ზვიად კუპრავასთან ერთად ზაზა სარალიძეც იმყოფებოდა.

სარალიძის განმარტებით, სამართალდამცაველებმა ზვიად კუპრავას სხდომათა დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს, თუმცა კუპრავამ განაცხადა, რომ შესვენება იყო და დარბაზში სადილის დასრულების შემდეგ დაბრუნდებოდა. სამართალდამცავებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს სასამართლომ დღესვე 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელები არიან მობილიზებულები. ადგილზეა დემონსტრანტთა ნაწილიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)