(ერთობა, N119, 11 ივნისი 1918) 8 ივნისს, საერთო კრებამ ამიერ-კავკასიის ცენტრის, აღმასრულებელი კომიტეტის და წითელი გვარდიის შტაბის, დაადგინა: მთავარი მოთხოვნილება მომენტის – მტკიცე სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნაა, რომელიც შესძლებს მთელი დემოკრატიის გაერთიანებას და წინ აღუდგება, როგორც გარეშე, ისე შინაური მტრის იერიშებს ჩვენი დამოუკიდებლობის და რევოლიუციით მონაპოვრების გასანადგურებლათ მოტანილს.
რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა, რომელსაც ჰყავდა საკმაო რეალური ძალა, ასრულებდა ზოგიერთ სახელმწიფოებრივ ფუნქციებს ერთის მხრით და მთავრობამ, რომელსაც არ გააჩნდა რეალური ძალა მეორეს მხრით, ცალ-ცალკე ვერ შესძლეს სახელმწიფოებრივი აპარატის შექმნა. მხოლოდ ამ ორი ელემენტის გაერთიანებას შეუძლია შექმნას მაგარი მთავრობა. რევოლიოციონურმა ორგანიზაციებმა მთელი რეალური ძალა უნდა გადასცენ მთავრობის განკარგულებაში და თვითონ კი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაუწიონ მუშათა კლასს. ამ გაერთიანების ფორმის გამომუშავება მიენდო აღმ. კომ. ბიუროს მთავრობასთან შეთანხმებით.
გადაწყვეტილება მიიღეს 41 ხმით. 22-მა თავი შეიკავა.
სხდომის დღის წესრიგი და მიმდინარეობა
სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიმართა, რომელმაც გახსნისას მისი დღის წესრიგი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
მოქალაქენო, ჩვენს წინაშე დგას ფრიად სერიოზული საკითხი: უნდა გამოვარკვიოთ ჩვენი მხარის პოლიტიკური მდგომარეობა და შევქმნათ ძლიერი მთავრობა. ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგევართ. ჩვენ ტერიტორიაზე შემოდის ორი ძალა, ოსმალეთის და გერმანიის, საჭიროა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რომ ჩვენი მხარის ოკუპაცია არ მოხდეს.
პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენებით სოციალ დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელი გამოვიდა:
ზავის ჩამოგდების შემდეგ, ჩვენს წინაშე მთელი სიგრძე-სიგანით წამოდგა ასეთი საკითხი: შევინარჩუნებთ თუ არა იმ მცირე უფლებებს მაინც, რომელსაც გვაძლევს საზავო ხელშეკრულება, ანუ მოგვიხდება კიდევ უკან დახევა და ახალ პოზიციების ძებნა, ე.ი. იქნება თუ არა ზავი რეალური, თუ ის მარტო ქაღალდის ნაგლეჯათ დარჩება და საქმე ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციით გათავდება. ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა განმარტება იმისი, თუ რამ მიგვიყვანა ჩვენ ამ დამარცხებამდის.
ჩვენი ასეთი დამარცხების მიზეზი იყო ჩვენი სისუსტე. ჩვენ ვერ შევძელით სუსტი ძალები მაინც მთლად მოგვეხმარა და მტრის წინააღმდეგ დაგვეყენებია. სწორედ იმ დროს, როცა მთელი ცოცხალი ძალების შემოკრება და მტრის წინააღმდეგ დარაზმვა იყოს საჭირო, შიგნით ანარქიამ იჩინა თავი და გაიმართა მეორე ფრონტი. მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ სავსებით ვერ შევძელით ჩვენი სუსტი ძალების მოხმარაც, იყო სახელმწიფო ორგანიზაციის უქონლობა. ჩვენი დამარცხების მიზეზი, როგორც სჩანს, მარტო რუსის ჯარის აქედან გასვლა არ ყოფილა.
ჩვენი უბედურობა სახელმწიფოებრივი აპარატის მოუწყობლობაში მდგომარეობდა.
ჩვენ თავიდანვე ვგრძნობდით ამ დიდ დანაკლისს და კიდევაც შევეცადეთ სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნას, მაგრამ მტერი არ იცდიდა. ის შეტევის გზას დაადგა, და შედეგი ყველა ამისა ეს სამარცხვინო ზავია. ძალთა განწყობილება ყველაზე უფრო საზავო ტრაქტატში გამოიხატა.
ჩვენ ამ ზავსაც დავკარგავთ, თუ ვერ შევქენით მაგარი სახელმწიფო აპარატი.
ეს საკითხი მწვავეთ იდგა რუსეთის წინაშეც, მაგრამ დემოკრატია არ შეხვდა მას მომზადებულათ და სტიქიურ გამოსვლებში სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია ჩაახრჩო.
შეიქნა ჩვენშიდაც სტიქიური პროცესი: ერთის მხრით არის სუსტი მთავრობა, რომელიც სრულებით არ სარგებლობს იძულებითი მეთოდით, მეორეს მხრით მუშაობს რევოლუციონური ორგანიზაციები და ამრიგათ არსებობს ორი მთავრობა.
როცა ჩვენ საჩქაროთ შევქენით მთავრობა, მაშინ, სამწუხაროთ ამ დებულებას, რომელმაც რუსეთის მართვა-გამგეობაში დეზორგანიზაცია შეიტანა, გვერდი ვერ ავუარეთ. აქაც თავი იჩინა ორმა მთავრობამ.
ჩვენი სუსტი მთავრობის გვერდით სახელმწიფოებრივ ფუნქციებს ასრულებდა რევოლიუციონერი ორგანიზაციები. უნდა ვაღიაროთ, რომ გლეხების და მუშების ნდობა ჰქონდა ამ ორგანიზაციებს.
რაც შეეხება მთავრობას, მას მარტო ქვეყნის თავდაცვის მიღება თავის თავზე არ შეეძლო, რადგანაც მთელი დემოკრატია, მასსა ნდობას არ უცხადებდა მას.
იყო ნაწილი, რომელიც ოპოზიციაში უდგა. აი ამ ხანებში რევოლიუციონერმა ორგანიზაციებმა დიდი სამსახური გაუწიეს დემოკრატიას. მე გადაჭრით შემიძლია თქვენს წინაშე განვაცხადო, რომ არ ყოფილიყვნენ რევოლიუციონერი ორგანიზაციები, მაშინ ჩვენ ახლა სავსებით დამარცხებული ვიქნებოდით და იმ მცირე უფლებებსაც ვიქნებოდით მოკლებულნი, რომელსაც საზავო ხელშეკრულება გვაძლევს.
თუ მთავრობას არ შეუძლია ისარგებლოს იძულების მეთოდებით, ის ვერ აწარმოებს ქვეყნის თავდაცვის საქმეს და ყოველ მნიშვნელოვან პოლიტიკური საკითხის წინაშე უძლური აღმოჩნდება.
ასეთ მთავრობის უძლურობის დროს რევოლუციონურმა ორგანიზაციებმა მიიღეს თავის თავზე სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და წითელი გვარდიის საშუალებით გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. […] რევოლუციონური ორგანიზაციები რომ არ გვქონოდა, ჩვენს კუთხეს გაანადგურებდა შინაური ანარქუა და შემდეგ კი გარეშე მტერი.
ჩვენ უნდა ვსთქვათ აშკარათ, რომ სახელმწიფოს სურროგატებს არ შეუძლია სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მაგიერობა გასწიოს.
ამიტომ არც რევოლიუციონურ ორგანიზაციებს ჰქონდათ შეძლება სავსებით სახელმწიფოებრივი აპარატის მაგიერობა გაეწიათ. როგორც ზემოთ ვსთქვი, მთავარი მიზეზი რუსეთის და კერძოთ ჩვენი დამარცხებისა, ეს სახელმწიფოებრივი აპარტის უქონლობა იყო. […]
მე უნდა ვსთქვა, რომ წარსულის მწარე გაკვეთილებმა და უკანასკნელ დღეების მაგალითმა ჩვენს მხარეში დაბადეს სურვილი მაგარი მთავრობის შექმნისა, რომელსაც ექნება საშუალება იძულებითი მეთოდებით ისარგებლოს მართვა-გამგეობის საქმეში. ამის აუცილებლობა ჩვენმა ხალხმა უკვე შეიგნო. დღეს დემოკრატია აშკარათ გაიძახის: ჩვენ თქვენ ნდობას გიცხადებთ, მაგრამ კმარა სიტყვები, გვიჩვენეთ მაგარი ძალა (მთავრობა). გვიჩვენეთ სამხედრო ძალა, რომელსაც ეცოდინება თუ რა არის დისციპლინა და ჩვენ მზათ ვართ ახალი მსხვერპლის გაღებისთვის, მაგრამ აიძულეთ სხვებიც, რომ მაგათმაც მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიის საქმის გაკეთებაში.
მთავრობის სისუსტე და აქედან გამომდინარე უმოქმედობა ხალხის ფართო მასსამ შეიგნო ამ უკანასკნელ დღეებში. უკვე არის შეგნება, რომელზედაც უნდა დავაშენოთ მთავრობა.
მეორე მხრით ჩვენ უკვე შევდივართ ერთნაირ დამოკიდებულებაში გარეშე სახელმწიფოებთან. მათი წარმომადგენლები რომ მოვლენ ჩვენში, თუკი მტკიცე სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია და მთავრობა არ დაინახეს, მაშინ ჩვენ არ მოგვიცდიან და მართვა-გამგეობის საქმეში თვითონ ჩაერევიან და ჩვენ კუთხეს მაშინ ისეთი ბედი ეწევა, როგორც წილად ხვდა უკრაინას. მაშინ შექნება ძალა, მაგრამ ეს ძალა ხალხის სიღრმიდან არ იქნება აღმოცენებული, არამედ ის იქნება ხიშტებზე დამყარებული, რაიც დემოკრატიას სამსახურს არ გაუწევს.
მტრები ახლოს არიან და ჩვენ სასწრაფოთ უნდა შევქმნათ სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია. თუ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, მაშინ ჩვენ ანგარიშს გაგვიწევენ, რადგან რეალურ ძალას წარმოვადგენთ.
დღეს ცენტრალური საკითხი – ეს მთავრობის ორგანიზაციაა. ამიტომ ჩვენ უნდა გადავდგათ გადამჭრელი ნაბიჯი. ჩვენ უნდა ავიშოროთ თავიდან ორ-უფლებიანობა ,ჩვენ უნდა დავყოთ, განვსაზღვროთ ფუნქციები რევოლუციონურ ორგანიზაციების და მთავრობას შორის.
დღეს ჩვენ აშკარათ უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ორგანო, რომელიც უმცირესობას აიძულებს დაემორჩილოს უმრავლესობას; ჩვენ არ გვაქვს საშუალება იარაღი ავყაროთ იმ ნაწილებს, რომლებიც დემოკრატიის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს მუდმივად მოქმედი ორგანო – სასამართლო. არ მოგვეპოვება სამხედრო ძალა, ვინაიდან მთავრი გული სამხედრო ნაწილებისა – ეს წითელი გვარდიაა. ჩვენ უნდა გვყავდეს მუდმივი ჯარი, ფერთა მასაში უკვე შეიგნეს ამის საჭიროება. ამისათვის კიდევ ვიტყვი, რომ აუცილებელია სახელმწიფო ორგანიზაციის შექმნა.
ჩვენ უნდა სასტიკად განვსაზღვროთ სახელმწიფოებრივი ფუნქციები კლასობრივი ორგანიზაციის ფუნქციებისაგან. სასტიკად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციებიც.
თუ ჩვენ ეს შევძელით, მაშინ წავალთ გამაგრების გზით და ჩვენ შევინარჩუნებთ იმ მცირე, უმნიშვნელო უფლებებს მაინც, რომელიც მოგვცა საზავო ხელშეკრულებამ.
ხალხის შეგნება და მოთხოვნილება უკვე არის, ჩვენ ახლა ამით უნდა ვისარგებლოთ. (ხანგრძლივი ტაში)
დებატები
ა. ფარნიევი ამბობს, რომ მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები მთავრობას მოქმედებაში ხელს უშლიდნენო.
გ. ერაძე პასუხობს, რომ ეს შეხედულება ზერელეა. მისი თქმით, ამიერკავკასიის ფედერაციაში მთავრობაში შედიოდნენ არა დემოკრატიული ელემენტები, ხოლო საქართველოს რესპუბლიკაში ამ მხრივ უკეთესი პირობებია. მისი თქმით, სწორი ნაბიჯი იქნებოდა არც ერთი ორგანიზაცია არ დავანგრიოთ: რევოლუციონურმა ორგანიზაციაბმა თავისი საქმე აკეთონ, ხოლო სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას გადასენ ჯარი, წითელგვარდიელები და ყველა სახელმწიფო ფუნქციები.
ასათიანი [სავარაუდოდ, ალექსანდრე ასათიანი] აღნიშნავს, რომ რევოლუციონური ორგანიზაციები განსაკუთრებით მუშაობდნენ ცენტრში, პროვინციები კი მიტოვებული იყო. ეხება იმ ფაქტსაც, რომ ჩვენს გარდა რევოლუციონური ტრიბუნალისა, სასამართლო არ მოგვეპოვება და მოითხოვს სახელმწიფო ორგანიზაციის სასწრაფოდ შექმნას.
მუხარინსკი [გვარდიის მთავარი შტაბის წევრი] აღნიშნავს, რომ რევოლუციონური ორგანიზაციები მხოლოდ მაშინ ერეოდნენ სახელმწიფო საქმეებში, როცა მთავრობა სუსტი იყო და კრიზისი დგებოდა; ამბობს, რომ ამ ორგანიზაციებმა მთელს მხარეს დიდი სამსახური გაუწიეს, ისინი სრულებით არ მიისწრაფოდნენ ძალა-უფლების ხელში ჩაგდებისაკენ, თუმცა ამის საშუალება მათ ბევრჯერ ჰქონდათ და დღესაც აქვთ.
ვ. ჯუღელი [წითელი გვარდიის (შემდგომში – სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი, მთავარი შტაბის წევრი] ეკამათება ფარნიევს და ამბობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ისეთ მთავრობას, სადაც შევლენ ნაციონალ-დემოკრატები. უნდა შესდგეს მთავრობა, დემოკრატიულ პარტიებისაგან და მაშინ ყოველგვარ დახმარებას აღმოვუჩენთ მას. ორატორი ეხება საბჭოების დადებით მუშაობას და ამბობს, რომ ისინი მაშინ იღებდნენ თავზე სახელმწიფოებრივი ფუნქციების ასრულებას, როცა მთავრობა არ იყოო.
ასეთი უდიდესი განცდის დროს მაგარი მთავრობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ იქ გავგზავნით ჩვენს საუკეთესო ამხანაგებს. მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ თუ დემოკრატიის მესვეური ნოე ჟორდანია არ შევიდა მთავრობაში, ჩვენ არსაოდეს არ გვეყოლება მაგარი მთავრობა. ჩვენთვის ძნელია ასეთ ტრაღიკულ დროს ჩვენი საუკეთესო ამხანაგის მთავრობაში გაგზავნა, მაგრამ თუ არის შესაძლებლობა ჩვენი გადარჩენის, ჟორდანია მოახერხებს, თუ არა და ქართველ ერთან ერთად ჟორდანიაც დაიღუპება. ჩვენ, მარქსისტები ვამბობდით, რომ ისტორია ქმნის პიროვნებას და არ პიროვნება ისტორიას, სავსებით მართალი არ არის. უნდა ითქვას, რომ პიროვნებას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ისტორიაში. და ამას ჟორდანია შეასრულებს, რადგან მას აქვს მთელი დემოკრატიის ნდობა დამსახურებული.
ჭიაბეროვი აღნიშნავს, რომ რევოლუციონურმა ორგანიზაციებმა დიდი სამსახური გაუწიეს რევოლიუციას და მათ გააკეთეს ყველაფერი, მხოლოდ სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია ვერ შექმნეს. ამის შექმნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა არ იქნება ორი ორგანო.
ი. რამიშვილი ამბობს, რომ საჭიროა სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შესაქმნელათ ფართე მესსის მომზადება, ფართე პროპაგანდა, ვინაიდან ჩვენი ხალხი პსიხოლოგიურად მტრულ განწყობილებაშია ყოველგვარ მთავრობასთან, ეს პსიხოლოგია შექმნა მონარქიულ სახელმწიფოსთან ბრძოლამ და დღესაც ფართე მასსა იჭვის თვალით უყურებს ყოველგვარ თავრობას. აი, ეს არის მთავარი მიზეზი მთავრობის სისუსტისა. სანამ ამას არ მოვსპობთ, მანამ შეუძლებელია მაგარი მთავრობის შექმნა.
მომხსენებელი ი. წერეთელი ამტკიცებს, რომ რევოლიუციონური ორგანიზაციები დღემდე სახელმწიფოებრივ ორგანიზაციის შექმნის საქმეში პროგრესულ როლს თამაშობდნენ, ამ მომენტიდან კი ისინი დემოკრატიის ამ მიმართულებით განვითარებას მხოლოდ ხელს შეუშლიან. მაშინ დემოკრატია არ იყო იმდენად მომზადებული, რომ შეექმნა ნამდვილი სახელმწიფოებრივი აპარტი და ამავე დროს არ ენდობოდა სხვა კლასის მიერ შექმნილ აპარატს. აი მაშინ დემოკრატია იძულებული იყო შეექმნა მთავრობის სურროგატი. ახლა კი ყველა პირობები სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოსაწყობად საკმაოდ მომწიფებულია და რევოლიუციონური ორგანიზაციები ვალდებულია ხელი შეუწყონ დემოკრატიას ახალი სახელმწიფოებრივი აპარატის მშენებლობაში. ამ გზით ისინი გაამაგრებენ დემოკრატიულ წყობილებას და განამტკიცებენ თავის კავშირს მასთან.
ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობდით, რომ დადგება ისეთი მომენტი, როცა რევოლიუციონური ორგანიზაციები მთელ ძალაუფლებას გადასცემენ დემოკრატიულ სახელმწიფო ორგანიზაციას და დაადგებიან კლასურ პოზიციას. ეს მომენტი უკვე დადგა.
რევოლიუციონერმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო ფუნქციები უნდა გადასცენ სპეციალურად ამისთვის შექმნილ ორგანოებს, თვითონ კი კლასობრივ ნიადაგზე დადგნენ და პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაუწიონ დემოკრატიას. (ხანგრძლივი ტაში)