თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები დროებით შეწყდა. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გუშინ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ის მომდევნო დღეებში აქტიურად იქნება ჩართული პარლამენტის წინ 11 ივნისს განვითარებული მოვლენების საგამოძიებო პროცესში, რისთვისაც დრო სჭირდება, ამიტომ „გენერალური“ აქციის ჩატარებამდე გარკვეულ დროს იღებს, თუმცა დასძინა, რომ მცირე სოლიდარობის აქციები კვლავ გაგრძელდება.
მისივე თქმით, ის ითვალისწინებს საპროტესტო აქციებში ჩართული, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების ინტერსესს და რამადანის მარხვის დასრულებამდე, დაახლოებით ერთკვირიან შესვენებას აცხადებს.
ზაზა სარალიძემ ასევე განმარტა, მისი ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება, მათ შორის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომა. თუმცა, მათ ერთი კვირით „გონივრულ ვადას“ აძლევს.
მისი თქმით, ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან მაქსიმალურად თანამშომლობისთვის მზად არის, თუმცა დასძინა, რომ ეკა ბესელიას კვლავ უნდობლობას უცხადებს.
ზაზა სარალიძემ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას დაკავებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, კუპრავას დაკავება იყო უკანონო და პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბევრ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.
გუშინ, პარლამენტის წინ ვითარება დილიდან დაიძაბა. სამართალდამცველებმა პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, სულ 19 პირი დააკავეს, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და თბილისის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავას 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ნადირაძე კი, ხელწერილის საფუძველზე, მალევე გათავისუფლდა.
აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელიაც დააკავეს, თუმცა პოლიციისა და მმართველი გუნდის განმარტებით, იმ მიზნით, რომ მისი ქმედება რაიმე სამართალდარღვევაში არ გადაზრდილიყო, ის მხოლოდ საპროტესტო აქციის ადგილს განარიდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)