ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, თანასწორობის მოძრაობა და ქალთა მოძრაობა, იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას შეუერთდნენ.
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებას წინ იუსტიციის მინისტრის მიერ გასულ კვირას გაკეთებული სადავო განცხადება უძღოდა. 10 ივნისს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არასამთავრობოები მას გადადგომის „ულტიმატუმს“ იმის გამო უყენებენ, რომ მან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტაციის შესწორების თაობაზე მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია“, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ „არის არაერთი სამართლებრივი, სამედიცინო და სხვა ფსიქო-სოციალური საკითხები, რაც უნდა იქნას განხილული მანამ, სანამ ეს რეფორმა გატარდება, თუ უნდა გატარდეს“.
ლგბტ თემის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დღეს ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ წულუკიანის განცხადება „ტრანსფობიური“ და „შეურაცხმყოფელია“ ლგბტ თემისთვის და ის „პოლიტიკურ პოპულიზმად“ და „ტრანსფობიულად განწყობილი ამომრჩევლის გულის მოგების იაფფასიან მცდელობად“ შეაფასეს.
„შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ ლგბტ თემის მიმართ მოსახლეობის ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლება სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ წულუკიანი იმ პირით ჩაანაცვლონ, რომელიც „პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებს და მგრძნობიარეა, როგორც ლგბტ ადამიანების, ასევე სხვა ჩაგრული ჯგუფების პრობლემების მიმართ“.
ორგანიზაციებმა ასევე განმარტეს, რომ ქვეყნის სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებას ითვალისწინებს, თუმცა, ამჟამად „მოქმედი პრაქტიკა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს გაიკეთონ სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია და ამით მნიშვნელოვნად გაიუარესონ ჯანმრთელობა, რაც ეწინააღმდეგება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტს“.
საკითხს კოალიცია თანასწორობისთვისაც გამოეხმაურა, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე რვა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება „უკიდურესად შემაშფოთებელია“, რადგან ის „აღრმავებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დამატებით უწყობს ხელს მათ მარგინალიზაციას“.
ქვეყნის სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობას, მხოლოდ შესაბამისი ქირურგიული ოპერაციისა და სამედიცინო ცნობის საფუძველზე იძლევა. ლგბტ უფლებადამცველი ჯგუფები ამგვარ პრაქტიკას ეწინააღმდეგებიან და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებას გენდერული დისფორიის დიაგნოზის საფუძველზე ითხოვენ. ასეთი სამედიცინო დოკუმენტის მიღება კი ფსიქიატრისგან არის შესაძლებელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)