Site icon Civil.ge

აღლუმი გოლოვინზე: გერმანიის ჯარები საქართველოშია

ქართველი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და გერმანელი ოფიცრების ჯგუფი. ცენტრში, სხედან: სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე და გენერალი კრეს ფონ კრეზენშტერნი. ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

(ერთობა, N119, 11 ივნისი) თბილისში 9 ივნისს ფოთიდან ჩამოვიდა გერმანელთა ჯარის ერთი ნაწილი. ქვეითთა ჯარის სამხედრო დროის ერთი ბატალიონი და ერთიც საიერიშო ბატალიონი

გერმანული ჯარები თბილისში, აღლუმისას. ფოტო: Grosser Bilderatlas des Weltkrieges, Bruckmann, 1919

ტყვიისმფრქვეველებით და ყუმბარის მსროლელებით. მათ თან მოჰყვა ბევრი გერმანელი აფიცრები. გუშინ [10 ივნისს] შუადღის 3 საათზე უნდა ჩამოსულიყვნენ გერმანელი მფრინავები ჰაეროპლანებით: ახლო ხანში თბილისში ჩამოვა იარაღით, სანიტარულ საგნებით და სურსათით გერმანელთა დიდი ტრანსპორტი. ფოთში უკანასკნელ დღეებში ჩამოვიდა გერმანელთა წყალქვეშა ნავების მცირე ფლოტილია.

კაპიტანი ფონ ეგან-კრიგერი (Hauptmann von Egan-Krieger) თბილისში გერმანიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელი. ფოტო: Grosser Bilderatlas des Weltkrieges, Bruckmann, 1919

(ერთობა, N121 , 13 ივნისი) საქართველოს მთავრობა მცხოვრებთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ თფილისში ჩამოსულ გერმანელთა ჯარი თვით საქართველოს მთავრობამ მოიწვია. გერმანელთა ჯარის მიზანია საქართველოს მთავრობის სრული თანხმობით და მისი ჩვენებით დაიცვას საქართველოს საზღვრები.

( ერთობა, N121 , 13 ივნისი) “პარადი” 11 ივნისს, საღამოს 5 საათზე, გოლოვინის პროსპეკტზე მოხდა საქართველოს და გერმანიის ჯარებთა ნაწილების დათვალიერება. ჯარები დაწყობილი იყო სასახლიდან დიდების ტაძრამდე – ერთის მხრივ გერმანიის, მეორე მხრით – საქართველოსი. 5 საათზე სასახლიდან გამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა თავმჯდომარე ნოე რამიშვილი, გერმანიის ელჩი გრაფი შულენბერგი, სამხედრო მინისტრი გრ. გიორგაძე, გენერალლეიტენანტი გაბაშვილი, ობერ ლეიტენანტი კაიზერი და აფიცერთა ჯგუფი.

გენერალი გაბაშვილი და მისი ადიუტანტები. Grosser Bilderatlas des Weltkrieges, Bruckmann, 1919

მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა ჯარები; დიდების ტაძართან ნ. რამიშვილმა გერმანიის ჯარს მიმართა სიტყვით, მიესალმა მათ მოსვლას და გამოსთქვა რწმენა, რომ აქ პირისპირ მდგომი გერმანიის და საქართველოს ჯარები იქნებიან სრულ თანხმობაში ერთმანეთთან და შესძლებენ ჩვენს მხარეში წესრიგის დაცვას. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა გრაფ შულენბურგმა, რომელმაც სთქვა, რომ ამიერიდან გერმანიის იმპერიის და საქართველოს რესპუბლიკის ჯარები იქნებიან მუდმივ მეგობრულ განწყობილებაში და დაიცავენ ერთმანეთის ინტერესებს. სიტყვები დაფარა “ვაშას” და “გოხის” ძახილმა. ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი.