Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სტარტაპერებს შეხვდა

ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ახალ რანგში პირველი შეხვედრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპერებთან თბილისის ტექნოპარკში გუშინ გამართა.

დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის დროს, ბახტაძემ პრეზენტაცია წარადგინა და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. მან ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვაც წარმოადგინა და ყურადღება მთავრობის მიერ მაღალდეტქნოლოგიური ეკონომიკის, მეწარმეობის და კონკურენციის მხარდაჭერაზე გაამახვილა.

მან გაუსვა ხაზი, რომ ის ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპების მხარჭერას აპირებს და საფინანსო მომსახურების სექტორში ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ხელშეწყობას გეგმავს. ბახტაძემ პირობა დადო, რომ სამთავრობო IT დეპარტამენტების მხრიდან კერძო IT სფეროს სტარტაპების მიმართ უსამართლო კონკურენციას აღმოფხვრის. მანვე ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების ფინანსური წახალისების პირობაც დადო და მეზობელი ქვეყნებიდან (მათ შორის, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან) ნიჭიერი ადამიანების მოზიდვის საჭიროებაზეც ისაუბრა.

აუდიტორიის კითხვებზე პასუხისას, ბახტაძემ განაცხადა, რომ უცხოეთიდან „ბიზნეს-ანგელოზების“ მოსაზიდად, მთავრობა წინადადებებს მოამზადებს. ასევე, მაღალტექნოლოგიური კომპანიების მიერ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობების გახსნის წასახალისებლად, ის მათთვის მოგების გადასახადის შემსუბუქებაზე ან სრულიად გაუქმებაზე იმუშავებს.

ამას გარდა, მისი თქმით, მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერად, კონკრეტული ინიციატივები მომზადდება და ახალი მთავრობის ინვესტიციის მთავარ მიმართულებად განათლება დაასახელა.

შეხვედრის დროს, ბახტაძეს სიღარიბის, სოციალური მხარდაჭერის და უსაფრთხოების საკითხებზე არ უსაუბრია.

მამუკა ბახტაძე, რომელსაც 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ქვეყნის მთავრობის მეთაურად მას შემდეგ დასახელდა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)