„საქსტატის“ მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.5%-ით გაიზარდა და 4.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28%–ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტის მოცულობა 23.4%–ით გაიზარდა და 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 23%–ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა ევროკავშირში 295.7 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.7%–ით მეტია, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 25.9%–ით გაიზარდა და 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-მაისში, დსთ–სთან ვაჭრობა წინა წელთან შედარებით, 32.6%–ით გაიზარდა და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით, 52.3%–ით გაიზარდა და 584 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 24%–ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 27.4% შეადგინა, 23% – ექსპორტში და 29% – იმპორტში (2017 წელს ეს მაჩვენებლი 27.8%, 25.9% და 28.4% იყო).
დსთ-ის ქვეყნების წილმა საგარეო ვაჭრობაში 34.2% შეადგინა, 45.5% – ექსპორტში და 30.2% – იმპორტში (2017 წლის იანვარ-მაისში 32.2%, 38.2% და 30.1%).
2018 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თურქეთი 714.8 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით, კვლავ საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის: რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი 548.2 მილიონი, 430.5 მილიონი და 398.9 მილიონი დოლარით, შესაბამისად.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა უკრაინასთან 257.3 მილიონი აშშ დოლარი იყო, შემდეგ მოდის სომხეთი: 215.2 მილიონი აშშ დოლარი, აშშ – 119.8 მილიონი აშშ დოლარი, გერმანია – 188.8 მილიონი აშშ დოლარი, ბულგარეთი – 166.4 მილიონი აშშ დოლარი და საფრანგეთი – 143 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.
ექსპორტის კუთხით, რუსეთი 171 მილიონი აშშ დოლარით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია, შემდეგია: აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი 162.7 მილიონი, 136 მილიონი და 97.2 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.
იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ 578.8 მილიონი, 377.2 მილიონი, 340 მილიონი და 267.8 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.
2018 წლის იანვარ-მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 181.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.1%), შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 151.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.8%), ავტომობილების რეექსპორტი – 124 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 9.7%), ღვინო – 74 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.8%), სამკურნალო საშუალებები – 51.9 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4%), არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 51.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4%), მინერალური წყლები – 45 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.5%), სიგარეტი – 43 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.4%), აზოტოვანი სასუქები – 42.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.3%), ოქრო – 33.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.6%), დანარჩენი საქონელი – 486.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 37.9%).
2018 წლის იანვარ-მაისში, ნავთობი და ნავთობპროდუქტები 330.8 მილიონი აშშ დოლარით საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 215.6 მლნ აშშ დოლარი, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 150 მლნ აშშ დოლარი, სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 134.2 მლნ აშშ დოლარი, მედიკამენტები – 126.2 მლნ აშშ დოლარი, სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 78.6 მლნ აშშ დოლარი, გამომთვლელი მანქანები – 64.6 მლნ აშშ დოლარი, ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, აირის სხვა ტურბინები – 64.4 მლნ აშშ დოლარი, სიგარეტი – 51 მლნ აშშ დოლარი, ხორბალი – 46.8 მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 2.3 მილიარდი აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)