Site icon Civil.ge

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

რვა ამერიკელმა კონგრესმენმა, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ, 20 ივნისს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესახებ ორპარტიული რეზოლუციის პროექტი წარადგინეს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას სამი ქვეყნის ძალისხმევის მიმართ, რომ „პოლიტიკური სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნონ“.

რეზოლუციის პროექტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, „საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედი, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება“ და საქართველოს ტერიტორიიდან „რუსეთის უსაფრთხოების და შეიარაღებული ძალების კუთვნილი პერსონალის და აღჭურვილობის გაყვანისკენ“ მოუწოდებს.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ „დაუყონებლივ შეწყვიტოს უკანონო გასამხედროებული შენაერთების სამხედრო მხარდაჭერა“, ასევე ორ ოკუპირებულ რეგიონში „დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები“.

კონგრესმენებმა მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-სა და საქართველოს შორის მზარდი თანამშრომლობის მიმართ, რაც ქვეყანას საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ის რუსეთის ფედერაციის მიერ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს დაუპირისპირდეს, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში, და მოუწოდეს აშშ-ის მთავრობას და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რომ „განაგრძონ ზეწოლა“ რუსეთის მთავრობაზე იმისათვის, რომ მან „საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ და მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოსთან „დიალოგი გამართოს“ იმ საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას დაუპირისპირდება.

რეზოლუციის პროექტის წარდგენამდე ორი დღით ადრე, აშშ-ის სენატმა 2019 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას, რომ საქართველოს უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის, თავდაცვითი ლეტალური [იარაღით] დახმარება აღმოუჩინოს, რაც მისი თავდაცვითი შესაძლებლობების და მზადყოფნის, ასევე ნატოს ძალებთან თავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)