Site icon Civil.ge

არასამთავრობოები ხელისუფლებას მთავარი პროკურორის შერჩევის წესის შეცვლისკენ მოუწოდებენ

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიცაზიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევა არა არსებული „მანკიერი“, არამედ რეფორმირებული წესით მოხდეს, რაც უწყების „აპოლიტიკურად“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ განცხადება კოალიციამ, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 22 ივნისს გაავრცელა. „პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ახალი გენერალური პროკურორის არჩევა იქნება განმსაზღვრელი, უახლოეს მომავალში პროკურატურა ჩამოყალიბდება აპოლიტიკურ, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ინსტიტუციად, თუ, პირიქით, რეფორმებს არ ექნება რეალური შედეგი და პროკურატურა კვლავ დარჩება პოლიტიკური ნების ამსრულებელ უწყებად, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ხელისუფლებას მოუწოდებენ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში განხორციელდეს ძირეული ცვლილებები და პროცესს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ჩამოშორდეს“.

„იგი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, მას აღარ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანალოგიური მოთხოვნები აქვთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებმაც 21 ივნისს გამართულ შეხვედრაზე პროკურორის არჩევის წესის შეცვლაზე ისაუბრეს. მათ ამ თხოვნით, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით 19 ივნისს მიმართეს.

პლატფორმის ერთ-ერთი წევრის ლაშა ტუღუშის განცხადებით, მთავარი პროკურორის არჩევა ძველი, „გახრწნილი“ სისტემით დაუშვებელია და პროკურორი „ვერ იქნება კარგი“. მისი თქმით, სანამ ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესებს განსაზღვრავს, პროკურორის შერჩევის წესი უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია სისტემა შეიცვალოს და შეცვლილი სისტემის საფუძველზე ავირჩიოთ მთავარი პროკურორი, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისი თქმით, შესაცვლელია „პოლიტიზებული“ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში მმართველი გუნდის დეპუტატები არიან.

„სისტემაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, პირველი არის ის, რომ სისტემა პოლიტიზებულია…ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საბჭო არის ერთპარტიული. ერთპარტიული პოლიტიზებული საბჭო, ვერანაირად ვერ წარუდგენს ჯერ მთავრობას და შემდეგ პარლამენტს ნორმალურ პროკურორს“, – განაცხადა ტუღუშმა.

მისივე განმარტებით, პროკურორის არჩევის წესი სხვა მიდგომას საჭიროებს, რაც პროცესის „დეპოლიტიზებას “ გულისხმობს.

ამ დროისთვის, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ 31 მაისს თანამდებობა საზოგადოების პროტესტის ფონზე დატოვა.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას სხვა არასამთავორობო ორგანიზაციებიც უცხადებენ და პროკურორის შესარჩევ კონსულტაციებში ჩართვას არ აპირებენ. ისინი იუსტიციის მინისტრის გადაგომას ითხოვენ.

პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9მუხლის თანახმად, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო კანდიდატურის შესარჩევად იწყებს დაუყოვნებლივ კონსულტაციებს „აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან“.

კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. პროკურორობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე, ფარულად ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ისა.

პროკურორის არჩევის ახალ წესს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს. მისი ხელმძღვანელია გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)