Site icon Civil.ge

ირლანდიის პარლამენტის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის პარლამენტი, ფოტო: facebook.com/OireachtasNews

ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა 21 ივნისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებული რეზოლუცია ერთხმად მიიღო, რომელიც კიდეც ერთხელ ადასტურებს „ურყევ მხარდაჭერას“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია, რომელიც ოთხი ირლანდიელი დეპუტატის: მორინ ო’სალივანის, შონ ბარეტის, ნაიალ კოლინსის და ნოელ გრილიშის ავტორობით მომზადდა, შეშფოთებას გამოხატავს სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გამო და ორ რეგიონში „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარების“ გამწვავებას გმობს.

დოკუმენტი ასევე მიესალმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც „მნიშვნელოვან ფორმატს უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გასამკლავებლად“ და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე, მათ შორის, ძალის არგამოყენებაზე, უსართხოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბებასა და დევნილთა დაბრუნებაზე, რეალური შედეგების მიღწევის აუცილებლობას.

ირლანდიელი დეპუტატები მიესალმებიან „საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით“ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უკვე მეორე რეზოლუციაა, რომელიც საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც „უპრეცედენტოა მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებებისა და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)