საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო მუჯირის სტატუსი დააზუსტა და ის საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ გამოაცხადა.
ამის შესახებ სინოდის 21 ივნისის სხდომის ოქმშია ნათქვამი. ამავე ოქმის მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მისი მოსაყდრე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, რაც თეოლოგების განმარტაბით, არის პატრიარქის „პირადი სიმპატიისა“ და „კეთილგანწყობის გამოხატულება“, რაც გულისხმობს „დაწინაურებას პატივით, ჯილდოთი და არა მდგომარეობითა და უფლება-მოვალეობებით“.
პატრიარქის მიერ შიო მუჯირის მოსაყდრედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ეკლესიის ნაწილი ილია II-ის ამ გადაწყვეტილებაში ორხელისუფლებიანობას და სამართლებრივ კაზუსს ხედავდა. ერთ-ერთი ასეთი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი გრიგოლი იყო. მისი განმარტებით, „მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც პატრიარქი არის უუნარო“. „მე ისიც არ ვიცი, ის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა“, – განაცხადა მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში, შიო ბუჯირის მოსაყდრედ გამოცხადებიდან მალევე.
მოსაყდრის დასახელებაში გარკვეული ტიპის პროცედურულ დარღვეებს ხედავენ თეოლოგებიც. გიორგი ტიგინაშვილი მიიჩნევს, რომ საეკლესიო წესების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი ვალდებული იყო, რომ „დისკუსია და მსჯელობა ეწარმოებინა მღვდელმთავართა შორის“. მისივე შეფასებით, ილია II-ს „როგორც მინიმუმ, უნდა დაესახელებინა, თუ რა კრიტერიუმებითა და პარამეტრებით გამოარჩია შიო მუჯირი“, რომელიც „ნომინალური მღვდელმთავარია და დიდად ვერ დაიკვეხნის წარმატებული აქტივობით“.
მანვე 2017 წლის ნოემბერში რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარის ილარიონ ალფეევის ვიზიტი გაიხსენა, რომელიც დეკლარირებული განცხადებით, თითქოს „აფხაზეთში პოლიარქიისა და ანტიკანონიკური მდგომარეობის დარეგულირების“ მისიით ჩამოვიდა, რისთვისაც ორმხრივი კომისიაც უნდა შექმნლიყო, თუმცა „დღეისათვის, არავითარი კომისია არ არსებობს“. მისივე თქმით, ამ ვიზიტიდან ზუსტად სამი კვირაში, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა. რაც მისი შეფასებით, „გარკვეული ტიპის ადამიანურ ეჭვებს“ აჩენს.
პატრიარქის მხრიდან მოსაყდრის დასახელებაში პრობლემას ვერ ხედავს მღვდელთმსახურთა მეორე ნაწილი. მათი შეფასებით, პატრიარქს ამის სრული უფლებამოსილება ჰქონდა.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაძის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქს მოსაყდრე „ლეგიტიმურად ჰყავდა შერჩეული და დასახელებული“ და სინოდის ერთსულოვნებამ მოსაყდრის შესახებ არსებული ყველა კითხვა მოხსნა. მისივე განმარტებით, სხდომაზე შიო მუჯირის სტატუსი უბრალოდ დაზუსტდა და პატრიარქის გადაწყვეტილების შინაარსი არ შეცვლილა.
დეკანოზ ალექსანდრე გალდავას განმარტებით კი, პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა, მემკვიდრის დატოვებას არ ნიშნავს. „მეუფე შიო მიიღებს მონაწილეობას მომავალ არჩევნებში და შეუძლია, რომ უარიც თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ ის ვალდებული იქნება მოიწვიოს სინოდის სხდომა, უხელმძღვანელოს მას და კრება რომელიც მიზნად ისახავს პატრიარქის შერჩევას მშვიდობიანად დაასრულოს“, – განაცხადა მან.
სინოდის 21 ივნისის სხდომის ოქმის მიხედვით, კიდევ ერთი თემა, რაზეც სინოდის წევრებმა იმსჯელეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო. ოქმის თანახმად, სხდომაზე „კონსტანტინეპოლის“, მოსკოვისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიებიდან საპატრიარქოში შემოსული წერილები წაიკითხეს და „სინოდის წევრები უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ შექმნილ ვითარებას გაეცნენ“.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სხდომის ოქმში სხვა დამატებით დეტალებზე საუბარი არ არის. საკითხთან მიმართებით, საკუთარი პოზიცია მღვდელთმსახურებს არც სხდომის დასრულების შემდეგ დაუფიქსირებიათ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მსოფლიო საეკლესიო კრებამ უნდა მიიღოს და ქართული ეკლესიის წინაშე, ამ მიმართულებით, ახლა რაიმე გადაწყვეტილების მიღების საკითხი არ დგას.
ერთადერთი მღვდელთმსახური, რომელმაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ღიად ისაუბრა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იყო. მისი თქმით, „უკრაინას უნდა, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და არ უნდა ექვემდებარებოდეს მას ეკლესიურად“ – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ „უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენებთან მიმართებით“, რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობის მიზნით, ოთხ ივნისს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე ილარიონ ალფეევი ორ თანმხლებ პირთან ერთად სტუმრობდა. 17 ივნისს უკრაინის თემაზე სასაუბროდ საქართველოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაც ესტუმრა.
ამასთან, რუსეთის ეკლესიის სინოდის 14 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოში რუსულენოვანი მრევლისთვის რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენელი ვლადიმერ ალექსანდროვი გამოიგზავნა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, „რუსეთის პოზიციების წარმოდგენაც “ ევალება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ეკლესიის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ნაბიჯია. საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით კი, ეს ჩვეულებრივი პროცესია და საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ამგვარი გაცვლითი ხასიათის პრაქტიკა 90-იანი წლებიდან არსებობს.
This post is also available in: Русский (რუსული)