Site icon Civil.ge

საფრანგეთი: აღდგება კი სავალდებულო სამხედრო სამსახური?

ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საფრანგეთი სავალდებულო სამხედრო სამსახურს აღადგენს. ეს ასე არაა.

“სავალდებულო ეროვნული სამსახურის” (Service National Universel, SNU) შექმნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მთავრობამ  დაწვრილებით ჩამოაყალიბა და ამ დღეებში სახალხოდ წარადგინა. თავისი არსით, ის უფრო საგანმანათლებლო პროექტია ახალგაზრდობისათვის, ვიდრე სამხედრო მომზადების ერთ-ერთი სახეობა. პროექტის კურატორის, ბრიგადის გენერალ დანიელ მენაუინის [Daniel Ménaouine] თქმით, მისი მიზანია მიიღწეს “ნაციონალური ერთობა, [ახალგაზრდობის] სოციალური და ტერიტორიული შერევის ხელშეწყობის გზით.”

მომავალი შემოდგომის განმავლობაში პროექტი ახალგაზრდობასთან ფართო განხილვის საგანი იქნება, რომლის შედეგების წინასწარმეტყველებაც ჯერჯერობით რთულია. თუკი მთავრობამ ახალგაზრდების თანხმობა და ინტერესი მოიპოვა, პროექტის გამოცდა 2019 წელს მოხდება და 2026 წლისათვის მთლიანად მოიცავს 16-18 წლის ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფს.

რას გულისხმობს “სავალდებულო ეროვნული სამსახური”?

სამსახური სამი ეტაპისაგან შედგება, რომელთაგანაც გეგმით, მხოლოდ პირველი ორი იქნება სავალდებულო.

პირველ, “ერთობის”, ეტაპს საშუალო სკოლის უფროსკლასელები, 16 წლის მოსწავლეები გაივლიან და მისი მიზანია სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის, საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ. ამ ახალგაზრდებს სასკოლო არდადაგების პერიოდში, თორმეტი დღის განმავლობაში შეკრებენ დასასვენებელი ბანაკების, ლიცეუმების, პანსიონატებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა ბანაკების ტერიტორიებზე.

“დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი სახლებიდან გამოვიდნენ და თანატოლებს შეხვდნენ…16 წლის ასაკისათვის, ახალგაზრდების ნაწილს მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი, ნაწილი კი ათ კილომეტრში, საკუთარი რეგიონის მთავარ ქალაქში არაა ნამყოფი,” ამბობს დანიელ მენაუინი. მისი თქმით, ბანაკებში ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების ჩვევებს შეიძენენ, ისწავლიან ადგილზე ორიენტირებას კომპასის მეშვეობით, სახიფათო სიტუაციებში რადიოს გამოყენებას და სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან.

მათი მასწავლებელი 15 ათასამედე 21-25 წლის “ახალგაზრდა მოხალისე” იქნება ელიტური, უმაღლესი სახელმწიფო სკოლებიდან – ადმინისტრაციის ეროვნული სკოლიდან (ENA), მართვის ეროვნული სკოლიდან (ENM), პოლიტექნიკურიდან, მასწავლებელთა დახელოვნების სკოლიდან, უნივერსიტეტებიდან. მათ შორის იქნებიან შეიარაღებული ძალების ახალგაზრდა რეზერვისტები. შესაძლოა ამ ცენტრების მართვა არმიის რეზერვის ოფიცრებმა ჩაიბარონ. სამხედროები პროექტში ჩაერთვებიან – მათი ფუნქცია ახალგაზრდა მასწავლებლების მომზადება იქნება.

“ეს იქნება ჭეშმარიტად რესპუბლიკური პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს დემოკრატიას იყოს იყოს უფრო ერთიანი, ჩვენს საზოგადოებას კი – უფრო გამძლე.” ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი.

მეორე, “პროექტების”, ეტაპი ასევე სავალდებულო იქნება 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის და სულ თხუთმეტ დღეს მოიცავს. შაბათ-კვირას ახალგაზრდები სხვადასხვა საზოგადოებრივ სასარგებლო საქმიანობაში ჩაერთვებიან არასახელმწიფო სექტორში – მაგალითად წითელი ჯვრის ფედერაციასთან და სხვა არასამთავრობო თუ ჰუმანიტარულ ჯგუფებთან თანამშრომლობით. პროექტების განსახორციელებლად ხუთი სფერო შეირჩა: თავდაცვა, გარემოს დაცვა, გასაჭირში მყოფი პირების დახმარება, განათლება და კულტურა.

მესამე ფაზა სავალდებულო არაა. 25 წლის ასაკამდე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სამიდან თორმეტ თვემდე ჩაერთონ სამოქალაქო სამსახურში, იმუშაონ მოხალისე მეხანძრეებად, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას. საფრანგეთი გეგმავს ეს პროგრამა მიმზიდველი გახადოს ახალგაზრდებისათვის – მაგალითად, გაუადვილოს მონაწილეებს მართვის მოწმობის აღება, წაახალისონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

იდეა და მისი ფერიცვალება

არაა გასაკვირი, რომ საერთაშორისო მედიამ ეს პროექტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენად აღიქვა. პირველად ეს იდეა პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა 2017 წლის 18 მარტს გააჟღერა და პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში შექმნიდა “სავალდებულო ეროვნულ სამსახურს, რომელსაც არმია და ეროვნული ჟანდარმერია გაუძვღება და რომელიც ერთი ასაკობრივი ჯგუფის ყველა ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს მოიცავს”. მისი თქმით, ეს პროექტი “სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახეს მიიღებს, რომლის გავლა თვრამეტიდან ოცდაორი წლის ასაკამდე მოხდება”.

ამ ფორმით იდეას ბევრი შეეწინააღმდეგა, როგორც ოპოზიციიდან, ისე პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან – მათ შორის ჟან-ივ ლე დრიანი (Jean-Yves Le Drian), თავდაცვის მინისტრი. კრიტიკოსები ძირითადად ამბობდნენ, ახალგაზრდების ბანაკებში შენახვა უაღრესად ძვირი დაჯდება და ამ თანხის მიმართვა ხაზინას უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეზე ურჩევნიაო. მთავრობის მიერ საკითხის შესწავლამ გამოავლინა, რომ იდეის თავდაპირველი სახით განხორციელებას როგორც იურიდიული, ისე ფინანსური წინაღობები შეექმნებოდა.

უკვე 2018 წლის თებერვალში, პრეზიდენტმა მაკრონმა თავისი საწყისი იდეა შეასწორა. უპირველესად, ცვლილება სამსახურის ვადის შემცირებას შეეხო თანხების დასაზოგად. თუმცა, მაკრონმა ისიც თქვა, რომ “ეს არ იქნება სამხედრო სამსახური, თუმცა გვსურს, რომ არსებობდეს კავშირი სამხედრო სფეროსთან”.

სამხედრო “დირიჟორი”

გენერალი დანიელ მინაუინი

მაკრონმა თავისი პროექტის სათავეში გამორჩეული პიროვნება ჩააყენა. ბრიგადის გენერალი დანიელ მენაუინი 1964 წელსაა დაბადებული და საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული საველე გენერალია. ერთი პერიოდი, ის არმიის შტაბის უფროსის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მალიში გაეროს სამხედრო მისიის გენშტაბის უფროსი იყო.

განათლება მის გულთან ახლოსაა: “33 წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში, 33 წელი ახალგაზრდებთან გავატარეო” ამბობს გენერალი. “სულ ერთია მალიში ხარ თუ კემბრიჯში, სოფელში დაძაბულობის დონის შეფასება იმით შეიძლება, წავიდნენ თუ არა ბავშვები სკოლაში. ყველაფერი განათლებიდან იწყება”.

პროექტზე სამუშაოდ მან შვიდი ადამიანი შემოიკრიბა სხადასხვა სფეროდან. მათი ამოცანა, გენერალის თქმით, მომავალი საზოგადოების ხედვის ჩამოყალიბებაა. მეთოდი – ახალგაზრდებთან შეხვედრები და საუბარი. ფრანგული საზოგადოება საფრთხეებს რომ გაუმკლავდეს, “ახალგაზრდებმა საზოგადოებაში თავისი ადგილი უნდა იპოვონო”, ამბობს გენერალი.

(ფრანგული პრესის მასალებზე დაყრდნობით)