თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებში 2010 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანიების შპს „მარგიოსა“ და შპს „გლობალ თრეიდ გრუპის“ გამარჯვების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს“.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაშია საუბარი. უწყების ცნობით, შპს „მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს“. ამასთან, „შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას რაიმე შეზღუდვა დაუწესოს, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/წარსული საქმიანობის შესახებ“.
თავდაცვის სამინისტრომ შპს „მარგიოს“ მიერ სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა უარყო და განმარტა, რომ ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნიდან დღემდე, უწყებამ 2016 წლის 11 აპრილს, მხოლოდ ერთი ვიდეობარათი შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 3 200 ლარი იყო. უწყებისავე ინფორმაციით, „საიდუმლო დაშვების ნებართვის” არქონის გამო, შპს „მარგიო“ ასევე არ მონაწილობს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში“.
თავდაცვის სამინისტრომ განმარტება პეტრე დევრიშაძის მეორე კომპანიის – შპს „გლობალ თრეიდ გრუპ“- თან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ კომპანიას 2017 წლის ნოემბერში სამინისტროსთვის მხოლოდ ერთი 14 981 ლარიანი მიწოდება (სამედიცინო დანიშნულების ნემსები) აქვს განხორციელებული.
თავდაცვის სამინისტროს განცხადება „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა, სადაც საუბარია, რომ ბიზნესმენის პეტრე დევრიშაძისა და მისი ოჯახის კომპანიებმა, შპს „გლობალ თრეიდ გრუპმა“ და შპს „მარგიომ“, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 4 100 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგეს.
პეტრე დევრიშაძე 2010 წელს ოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში, რუსეთის „გრუ“ – სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. სტუდია მონიტორის ცნობით, ის ამ სპეცოპერაციის დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა და ბრალდება საჯაროდ დღემდე არ უარუყვია. შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის შოთა უტიაშვილის განმარტებით, დევრიშაძე არის „გაცვლილი ჯაშუში“.
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დევრიშაძის კომპანიებმა ქართულ ჯარს მიაწოდეს აღჭურვილობა: ზურგჩანთები, საბრძოლო მასალის ჩანთები, მფრინავის უნიფორმები, კარვები, კომპიუტერის დეტალები, სამხედრო ფარნები რადიაციული დაზვერვის ხელსაწყო და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს: ვიდეორეგისტრატორები, სკუტერები და ნავები; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – ქამრები; უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კი დრონები, ვიდეოკამერები და სატელიტთან დაკავშირებული საკომუნიკაციო აპარატურა.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დევრიშაძის კომპანიებს ყველაზე დიდი ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა ლევან იზორიას მინისტრობის დროს აქვს მიღებული. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს დევრიშაძის კომპანიასთან ხელშეკრულება პირდაპირ, ტენდერის გარეშეც აქვს გაფორმებული.
ფაქტს თავად პეტრე დევრიშაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში დაბალი, კონკურენტული ფასის გამო იმარჯვებენ, რაც მისი კონკურენტების გაღიზიანებას იწვევს. მანვე „სტუდია მონიტორი“ მისი კონკურენტებისგან თანხის აღებაში დაადანაშაულა. მისივე შეფასებით, წამოწყებული კამპანიის მიზანი თავდაცვის მინისტრისა და სამინისტროს დისკრედიტაციაა.
ტენდერების საკითხს პოლიტიკურ სპექტრშიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ძალოვანი მინისტრების პარლამენტში დაბარებას ითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)