კოალიცია დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებასა და საპროკურორო საბჭოს რეფორმირებას ითხოვს.
ამის შესახებ კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში პროკურატურისადმი დაბალი ნდობის პირობებში, პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოხდეს საპროკურორო საბჭოსა და ზოგადად, პროკურატურის სისტემის რეფორმირება და მთავარი პროკურორი „ახალი, გამართული წესით“ შეირჩეს. მათივე თქმით, „მოქმედი საპროკურორო საბჭო არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან“, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის შერჩევის არსებული წესი ახალი კონსტიტუციის შესაბამისად შეიცვალოს.
არასამთავრობოების შეფასებით, მმართველი გუნდი „ჩქარობს“ და არსებული „გაუმართავი, ცუდი წესით“, მთავარ პროკურორად „მისთვის სასურველი კანდიდატის“ დანიშვნას ცდილობს. „თუ სისტემა არ გასწორდა, საბოლოო ჯამში, შედეგს მივიღებთ იმავეს, კვლავ პოლიტიკურად არანეიტრალური პროკურორი შემდეგი ექვსი წლის მანძილზე“, – განაცხადა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა სოფო ასათაინმა.
მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის 4 ივნისს დაიწყო. მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა. მათ მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსს უნდობლობა გამოუცხადეს და სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე უარი თქვეს. მათვე იუსტიციის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს და ხელისუფლებას მთავარი პროკურორის შერჩევის წესის შეცვლისკენ მოუწოდეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის, მთავარი პროკურორის პოსტზე ჯამში სულ 15 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის არიან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე. მისი კანდიდატურა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დაახლოებით ერთი თვის წინ დაასახელა.
მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთ–ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.
პროკურორის არჩევის ახალ წესს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს. მისი ხელმძღვანელია გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)