49 არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე „საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს“.
ღია წერილში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხაზი გაუსვეს, რომ „ნატოში გაწევრიანება ქართველი ერის მკაფიო, დადასტურებული და მტკიცე ნებაა“.
„ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს მხარდაჭერა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საერთო რეიტინგსაც კი აჭარბებს…ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის მიერ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების განუყოფელ ნაწილად აღიქმება. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველომ შეძლო ამ პოლიტიკური კურსის შენარჩუნება“, – ნათქვამია წერილში.
არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ „საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში“.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება მომდევნო გაბედული ნაბიჯი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ“, – ნათქვამია წერილში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)