მთავარი პროკურორის ვაკანტური ადგილისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე და პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე.
მთავარი პროკურორობის კანდიდატების სია საპროკურორო საბჭომ გუშინ გამოაქვეყნა. თავდაპირველად სიაში 21 კანდიდატი იყო, თუმცა სამი მათგანი შესარჩევ კონკურსს პირადი გადაწყვეტილებით გამოეთიშა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატებისა და მათი წარმდგენი ორგანიზაციებისა და პირების საბოლოო სია ასეთია:
პაატა შავაძე – წარდგენილია 10 არასამთავრობო ორგანიზაციის, ოთხი მედიასაშუალებისა და ხუთი პირის მიერ;
ზურაბ ჯორბენაძე – წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“ მიერ;
გია ბერძენიძე – წარდგენილია 28 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ;
ნანა რევაზიშვილი – წარდგენილია სამი არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების მიერ;
თამარ კერესელიძე – წარდგენილია „საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგის“ თავმჯდომარის ნატალია ზაქარეიშვილის მიერ;
გრიგოლ გაგნიძე – წარდგენილია ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ მიერ;
იოსებ ბაჩიაშვილი – წარდგენილია სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარის“ მიერ;
ჯემალ გახოკიძე – წარდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ;
შალვა თადუმაძე – წარდგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ;
ედიშერ ფუტკარაძე – წარდგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ;
ნინო გოგნიაშვილი – წარდგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ;
ირაკლი ნადარეიშვილი – წარდგენილია აკადემიური წრის სამი წარმომადგენლის მიერ;
შალვა შავგულიძე – წარდგენილია პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ;
ნონა ფილაური – წარდგენილია პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და შვიდი პირის მიერ;
ალექსანდრე კობაიძე – წარდგენილია „ხალხის პარტიის“ მიერ;
კოტე ჭილაია – საკუთარი თავი თავად წარადგინა;
ლევან ძნელაძე – წარდგენილია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას მიერ;
თეიმურაზ ონიანი – წარდგენილია „საქართველოს პენსიონერთა კავშირის“ მიერ.
მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის 4 ივნისს დაიწყო. მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას და საპროკურორო საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ.
მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესს არ ენდობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, „ვერანაირ დამოუკიდებლობის ხარისხზე ვერ იქნება საუბარი, როდესაც გენერალური პროკურორის კანდიდატად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი [შალვა თადუმაძე]“.
მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.
კანონმდებლობა
პროკურორის არჩევის ახალ წესს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს. მისი ხელმძღვანელია გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)