საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 4 ივლისს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა, თავის ფრანგ კოლეგას ჟერარ კოლომბს შეხვდა და ორი ქვეყნის სამართალდამცველ სტრუქტურების, მათ შორის, უკანონო მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრებმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)